აქ ბედნიერი და, რაც მთავარია, თავისუფალი ვარ

© photo: Sputnikმუსტაფა შალამი, ერაყელი მზარეული
მუსტაფა შალამი, ერაყელი მზარეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტში "საქართველო უცხოელის თვალით", Sputnik მოგვითხრობს ადამიანებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრობენ და მოგზაურობენ რუსთაველის ქვეყანაში.

ერაყელი მუსტაფა შალამი  პროფესიით მზარეულია. მუსტაფას ძმა თურქეთში მუშაობს და საქართველოში ჩამოსვლა ხშირად უწევს. სწორედ მისმა აღფრთოვანებულმა მონათხრობმა გადააწყვეტინა ოჯახს, რომ ერაყიდან საქართველოში გადმოსახლებულიყო, მაგრამ 26 წლის ერაყელის თქმით, იმან, რაც აქ დახვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა — აქ მან ნამდვილი თავისუფლების გემო იგრძნო…

ძმა ისეთი სითბოთი და აღფრთოვანებით გვიყვებოდა საქართველოს შესახებ, რომ მე, დედაჩემმა და ჩემმა დებმა საბოლოოდ გადავწყვიტეთ აქ ჩამოვსულიყავით. საქართველოში საოცარი გარემო დაგხვდა — ჩემთვის სრულიად უჩვეულო და სასიამოვნოდ მოულოდნელი. პირველი, რამაც გამაოცა, იყო ის, რომ  საქართველოში არ აინტერესებთ, თუ რა ეროვნების ხარ და საიდან ჩამოხვედი. ქართველებისთვის მთავარია, რომ სტუმარი ხარ, ამიტომ, ადგილობრივი ადათ-წესების შესაბამისად, პატივს გცემენ. ერაყში, მაგალითად, ეს საკითხი უფრო მძიმედ დგას. ბავშვობაში, წლების მანძილზე სირიაში ვცხოვრობდი და, სამშობლოში დაბრუნებულს, ძალიან გამიჭირდა, რადგან ადგილობრივებისთვის სირიელად დავრჩი —თანამემამულედ კი ვერა და ვერ მიმიღეს. თვალშისაცემია ისიც, რომ ერაყი საქართველოზე გაცილებით კონსერვატიულია და ეს იგრძნობა კიდეც ყველაფერში: რელიგიისადმი დამოკიდებულებაში, პოლიტიკაში ან უბრალოდ, პიროვნული თუ სამსახურეობრივი ურთიერთობების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეკლესიაა, იქ სიარულს და ეკლესიური კანონებით ცხოვრებას არავინ  გაიძულებს. აქ ამ მხრივ დიდი თავისუფლებაა… 

მაკს ლიუტო, ფრანგი მოგზაური - Sputnik საქართველო
ავტოსტოპით თბილისამდე ანუ პარიზელი მებაღის ნოსტალგია

ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ოჯახი ერაყში დაბრუნდა, მე კი საქართველოში დარჩენა მტკიცედ  გადავწყვიტე. ძალიან მინდოდა, ეს ქვეყანა მთლიანად დამეთვალიერებინა და უფრო ახლოს გამეცნო. ყოველ მომდევნო  რეგიონში, სადაც ჩავდიოდი, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა მხვდებოდა. ყველგან ახალ-ახალ, საინტერესო  წეს-ჩვეულებებს ვეცნობოდი…

ასე ვმოგზაურობდი 7-8 თვის განმავლობაში, და ამ პერიოდში, შეიძლება ითქვას, უსახლკარო ვიყავი, მაგრამ მშიერი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან, სადაც უნდა ჩავსულიყავი, ადგილობრივები, როგორც სტუმარს, სუფრაზე მპატიჟებდნენ. ქართულ სასმელებს სიამოვნებით ვაგემოვნებდი, და აღმივაჩინე, რომ ყველა კუთხეს თავისი, ორიგინალური სასმელი  აქვს… 

© Sputnik.მუსტაფა შალამი, მზარეული ერაყიდან
მუსტაფა შალამი, მზარეული ერაყიდან - Sputnik საქართველო
მუსტაფა შალამი, მზარეული ერაყიდან

რამდენიმე კვირა კახეთში მომიწია გაჩერება, რადგან ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობა დავიწყე. ვხედავდი,  როგორ ამზადებდნენ იქაურ სამზარეულოში ქართულ კერძებს… ეს სანახაობა იმდენად საინტერესო იყო, რომ საათობით შემეძლო მისთვის თვალი მედევნებინა. მაშინ მივხვდი, რომ ერაყულ სამზარეულოს   ქართულთან საერთო არაფერი აქვს და ქართული კერძები ბევრად უფრო მდიდარი და ორიგინალურია. 

კახეთში ყოფნისას გავიცანი ბიჭი, რომლის ოჯახი ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. ამ სასმელის დამზადების კულტურა ნამდვილი საოცრებაა. ჩემთვის დაუვიწყარია ის შთაბეჭდილება, როდესაც ღვინო პირველად დავწურე. იქ ყოფნისას ჩემთვის საყვარელი ღვინის სახეობაც აღმოვაჩინე — საფერავზე გემრიელი ნამდვილად არაფერი დამილევია!

© Sputnikკახეთი - ქართული ღვინის სამშობლო
კახეთი - ქართული ღვინის სამშობლო - Sputnik საქართველო
კახეთი - ქართული ღვინის სამშობლო

თბილისში დაბრუნებისას ხეების გაჩეხვის წინააღმდეგ ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შევუერთდი და რამდენიმე თვე კარავში ვცხოვრობდი…

თბილისში ძალაინ ბევრი ერაყული რესტორანია, ამიტომ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სამსახურის პოვნა არ გამჭირვებია —  ერთ-ერთ ასეთ რესტორანში მზარეულად

დავიწყე მუშაობა.  ბევრი მსმენია იმის შესახებ, რომ აქ ხალხი სამსახურს თვეობით ეძებს. ჰო, და აქ ამაშიც გამმართლებია…

ცოტა ხანში  მეგობართან ერთად პატარა ბინა ვიქირავე. სამსახური სახლიდან არც ისე შორეა და  ამიტომ ველოსიპედით დავდივარ — მოსახერხებელიცაა და  ჰაერიც არ ბინძურდება.

განვლილი წლების შემდეგ მივხვდი, რომ აქ ნამდვილად ბედნიერი და, რაც მთავარია, თავისუფალი ვარ. არავინ მაიძულებს, მაინცდამაინც იმ წესებით ვიცხოვრო, რომელიც მას მიაჩნია სწორად. 

… გამოდის, რომ დავიბადე და გავიზარდე ერთ ადგილას, ხოლო სახლი და ბედნიერება სულ სხვა ქვეყანაში ვიპოვე…


ყველა ახალი ამბავი
0