ახალგაზრდა პარიზელმა რეჟისორმა პირველად საქართველოზე საფრანგეთში, მის მეზობლად მცხოვრები ქართველი მებაღისგან შეიტყო. სამწუხაროდ, იმ მებაღის სახელი და გვარი არ ვიცით, არც გარემოებები, თუ როგორ აღმოჩნდა ის პარიზში. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველომ მისი დახმარებით კიდევ ერთი ერთგული მეგობარი და გულშემატკივარი შეიძინა. გაიცანით: მაქს ლიუტო, 23 წლის ფრანგი რეჟისორი, ჰიჩაჰიქერი. მისი სამოგზაურო მარშრუტი იყო: პარიზი-თბილისი-პეკინი-პარიზი. მისი ისტორია კი ასეთია:
ჩემი უბნის მებაღე წარმოშობით ქართველია და საქართველოს შესახებ პირველად სწორედ მისგან გავიგე. ის კარგა ხანია, ჩვენთან მუშაობს და ხშირად იხსენებს სამშობლოს, რომელიც წლების წინ დატოვა. მისი მონათხრობის მოსმენისას ყოველთვის ვგრძნობდი, თუ როგორ ეამაყებოდა, რომ, როგორც თვითონ ამბობდა, ულამაზესი ქვეყნის მკვიდრია. სულ მაინტერესებდა, რა ქვეყანაა საქართველო ასეთი, ეს კაცი წლების მანძილზე ასეთი ტკივილნარევი ნოსტალგიით რომ იხსენებდა…
სწავლის დამთავრების შემდეგ ევროპიდან აზიაში გამგზავრება ავტოსტოპით გადავწყვიტე და მარშუტის შედგენისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი გზა საქართველოზე გადის. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა- თბილისი აუცილებლად უნდა მენახა…
საქართველოში თურქეთიდან შემოვედი და რამდენიმე დღე ბათუმში დავრჩი. თავიდან ქალაქი საოცრად ცარიელი მომეჩვენა — ხანდახან, სეირნობისას, მეგონა, რომ აქ ჩემს გარდა არავინ იყო… მაგრამ მერე, როდესაც ადგილობრივები გავიცანი, ქალაქი სულ სხვაგვარად აღვიქვი. გავიგე, რომ ზაფხულობით აქ უამრავი დამსვენებელია და სასტუმროები გადაჭედილია ტურისტებით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისეთი სილამაზე, რაც ბათუმის სანაპიროზე ვნახე, გულგრილს ვერავის დატოვებს და ამ ქალაქში კვლავ ჩამოსვლის სურვილსაც ბევრს გაუჩენს.
საფრანგეთში ცოტამ თუ იცის, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და არა მარტო ზღვის, არამედ სათხილამურო კურორტებითაც მდიდარია. ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, რომ არა ჩვენი მებაღე, ამ უნიკალური ქვეყნის შესახებ მეც არაფერი მეცოდინებოდა.
ბათუმიდან მაღალმთიან რეგიონში გამგზავრება გადავწყვიტე და ჯერ ბორჯომში ჩავედი, იქიდან კი — ბაკურიანში. პირველი, რამაც გამაოცა, იყო ის, რომ გზად ვინც არ უნდა გამეჩერებინა, იქნებოდა ეს მსუბუქი ავტომობილის თუ სატვირთო მანქანის მძღოლი, წაყვანაზე უარს არ მეუბნებოდა, მთავარია, ერთი გზა გვქონოდა… მინდა გითხრათ, რომ ავტოსტოპით ასე უპრობლემოდ ჯერ არცერთ სხვა ქვეყანაში არ მიმოგზაურია…
საქართველოში მოგზაურობისას პირველი, რაც თვალში მომხვდა, სიდუხჭირე და გზების პრობლემაა, რომელიც რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა. მოგვიანებით თბილისში ყოფნისას, დავინახე, თუ რამხელა კონტრასტია დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის. ესეც უჩვეულო იყო ჩემთვის, ვინაიდან საფრანგეთში რეგიონალური ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარებულია. ჩვენთან გზებისა და ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრიაზე საფრანგეთიც მეტწილადაა დამოკიდებული.
კიდევ ერთი სხვაობა ჩემს სამშობლოსთან — საფრანგეთისგან განსხვავებით, საქართველოში ადამიანები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და სულ ცდილობენ რამით დაგეხმარონ და გასიამოვნონ…
ბორჯომელებმა საოცარი სტუმართმოყვარეობით მიმიღეს. გაშლილ სუფრასა და უგემრიელეს ქართულ კერძებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ არ შემიძლია, გამომგზავრების დღე არ გავიხსენო. ქართველების გულისხმიერება ალბათ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში როგორც ამ ქვეყნის „სავიზიტო ბარათი“.
თბილისში წასვლა ასევე ავტოსტოპით დავაპირე და გზაზე ლოდინი დიდხანს მომიწია, რადგან მოძრაობა იმ საათებში თითქმის არ იყო. ერთ-ერთ მასპინძელს ეგონა, რომ გზის ფული აღარ მქონდა და სამარშრუტო ტაქსს ამიტომაც არ ვაჩერებდი. იგი ეზოდან გამოვიდა და ფული შემომთავაზა. ქართველებს დიდხანს ვუხსნიდი, რომ ფული არ მჭირდებოდა და უბრალოდ, მანქანას ველოდები, რომ ავტოსტოპით მემგზავრა. ამას არაფრით იჯერებდა და თანაც, ძალიან წუხდა, რომ ამდენი ლოდინი მიწევდა. ბოლოს მაინც ავტობუსით გამომიშვა. ფრანგებს ასეთი გულისხმიერება და გულუხვობა არ ახასიათებთ…
თბილისში ჩამოსვლისას რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდი. ქალაქის ცენტრის არქიტექტურით აღფრთოვანებული ვარ! ოპერისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრების შენობები ულამაზესია. ევროპასთან შედარებით აქ ყველაფერი საგრძნობლად იაფია, განსაკუთრებით მუზეუმებსა და თეატრებში შესავლელი ბილეთების ფასმა გამაოცა. პარიზში ყველაფერი გაცილებით ძვირია…
ძალიან ლამაზი და უაღრესად საინტერესოა ძველი თბილისი თავისი ორიგინალური სახლებითა და დიდი ხის აივნებით, სამხატვრო გალეერებით, პატარა, მყუდრო კაფეებითა და თანამედროვე ღამის კლუბებით. ალბათ, საქართველოში რომ ვრჩებოდე, ნამდვილად აქ ვიცხოვრებდი…
გულდასაწყვეტია, როდესაც მიეჩვევი ქალაქს, ხალხს და ამ ყველაფრის დატოვება გიწევს. საქართველო სამუდამოდ დამრჩება თბილ და სასიამოვნო მოგონებად. ჩვენი მებაღის ნოსტალგია კი ჩემთვის ბოლომდე გასაგები გახდა და ახლა უკვე მეც ნამდვილად ვიცი, რომ აქ დავბრუნდები!…