ათასწლეულის შეხვედრა: რომისა და რუსეთის ეკლესიები ქრისტიანების დასაცავად გაერთიანდნენ

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი და რუსეთის პატრიარქი
რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუბაზე, პირველად ისტორიაში, რომის პაპის, ფრანცისკისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დოკუმენტში თანამედროვე ქრისტიანობის პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქ კირილის ისტორიაში პირველი შეხვედრა, რომელიც პარასკევს ჰავანის საერთაშორისო აეროპორტში შედგა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა, რამაც რუსეთის მართლმადიდებლური და რომის კათოლიკური ეკლესიების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების იმედი გააჩინა.

პაპ ფრანცისკისა და პატრიარქ კირილის შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სულიერმა ლიდერებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, აღკვეთონ ახლო აღმოსავლეთიდან ქრისტიანების გამოძევება, შეინარჩუნონ ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში და გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინაში განხეთქილება კანონიკური ნორმების მეშვეობით მოგვარდება. ამას გარდა. ეკლესიების მეთაურებმა თანამედროვე საზოგადოების სხვა არაერთ აქტუალურ პრობლემაზე გააკეთეს განცხადება. 

პატრიარქმა კირილმა პაპ ფრანცისკს ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ესპანურ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნი „თავისუფლება და პასუხისმგებლობა“ უსახსოვრა. თავის მხრივ, პონტიფიკოსმა პატრიარქს მისი ზეციური მფარველის, წმიდა კირილის წმიდა ნაწილი და ზიარების თასი გადასცა. 

პაპისა და პატრიარქის შეხვედრას მსოფლიო მედია, დაახლოებით ორასამდე ჟურნალისტი აშუქებდა. შეხვედრის დიდი ნაწილი პრესისათვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
დევნილ ქრისტიანთა დასაცავად

დეკლარაციის მიღების ძირითადი მოტივი მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის გაძლიერება გახლდათ. „ჩვენი მზერა, უპირველესად, იმ რეგიონებზეა მიპყრობილი, სადაც ქრისტიანები იდევნებიან. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ქვეყანაში ჩვენი ქრისტესმიერი დებითა და ძმებით დასახლებულ ლამის მთელ ქალაქებს ანადგურებენ… ჩვენ დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალს ქრისტიანების იმ მიწიდან განდევნას, სადაც ჩვენმა სარწმუნოებამ გავრცელება დაიწყო“, — ნათქვამია დოკუმენტში.

რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი - Sputnik საქართველო
პაპისა და პატრიარქის შეხვედრა: ქრისტიანები ერთმანეთის მტრები კი არა ძმები არიან

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სირიასა და ერაყში ტერორისტულმა ძალმომრეობამ „ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონობით ადამიანი სახლ-კარისა და საარსებო საშუალებების გარეშე დატოვა“. პაპმა და პატრიარქმა საერთაშორისო საზოგადოებას „ქრისტიანების შემდგომი დევნის აღკვეთის მიზნით, დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმისა“ და „ძალმომრეობისა და ტერორიზმისთვის ბოლოს მიღებისკენ“ მოუწოდეს“.

უკრაინაში განხეთქილების გადალახვა

ორი ეკლესიის მამამთავარმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა უკრაინაზე, სადაც განხეთქილებამ „მშვიდობიან მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მიაყენა და საზოგადოება ღრმა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში ჩააგდო“.

პაპმა ფრანცისკმა და პატრიარქმა კირილმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინის მართლმადიდებლებს შორის განხეთქილება არსებული კანონიკური ნორმების საფუძველზე მოგვარდება და „ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი უკრაინაში მშვიდობასა და თანხმობაში იცხოვრებს, ხოლო ქვეყნის კათოლიკური თემები ამას ხელს შეუწყობენ“.

უკრაინაში ეკლესიებს შორის განხეთქილების ვაშლად ჯერ კიდევ 1596 წელს სინოდის მიერ მიღებული ბრესტის უნია იქცა, როდესაც კიევის მიტროპოლიის ზოგიერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ეპარქიები რომის კათოლიკურ ეკლესიას მიუერთდა რეჩ პოსპოლიტას ტერიტორიაზე.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების შერიგებაში. დღეს აშკარაა, რომ წინა საუკუნეების „უნიაზმის“ მეთოდი… ერთიანობის აღდგენის გზა არ არის“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ქრისტიანული ფესვების ერთგულება

დეკლარაციის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება — ეს ევროპაში ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ასწლოვანი სისხლიანი კონფლიქტების შემდეგ დაიწყო, ბევრისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების იმედად იქცა.

რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი - Sputnik საქართველო
ახალი მსოფლიო ომის საფრთხეებმა პონტიფიკოსისა და პატრიარქის შეხვედრა დააჩქარა

„მოვუწოდებთ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანებს, გაერთიანდნენ… რათა ევროპამ ორიათასწლოვანი ქრისტიანული ტრადიციებით ფორმირებული სული შეინარჩუნოს“, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ეკლესიების მამამთავრებმა მორწმუნეებს მოუწოდეს, აღავლინონ ლოცვა უფლის მიმართ, რათა „დაიცვას საკუთარი ქმნილება განადგურებისგან და არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი“.
პაპი ფრანცისკი და პატრიარქი კირილი დეკლარაციაში საზოგადოების აქტუალურ პრობლემებსაც შეეხნენ: ევთანაზიას, აბორტებს და სინანულით აღნიშნეს, რომ ქორწინება დღეს თანაცხოვრების სხვა ფორმებს უტოლდება, ხოლო წარმოდგენა დედობისა და მამობის შესახებ — საზოგადოებრივი ცნობიერებიდან იდევნება.
ისტორიული მოვლენის დროულობა

„შესაძლოა ასეთი იყო უფლის ნება, რომ შეხვედრა სწორედ ახლა გაიმართა, როდესაც მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომის მომასწავებელი ძალზე საშიში ვითარებაა. რა თქმა უნდა, ამ კრიტიკულმა ვითარებამ გვაიძულა, არ გადაგვედო ეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ ორ ეკლესიას შორის არსებობს რაღაც განსხვავებული მიდგომები, რაღაც პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და შედგა სწორედ ახლა“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.

ახალი შეხვედრის შესაძლებლობა
შეხვედრაზე პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ეკლესიებს შორის არ არსებობს „წინააღმდეგობა ახალი შეხვედრისთვის“. თუმცა, წყარო ვატიკანის დელეგაციიდან იუწყება, რომ ახალი შეხვედრის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.

ამის მიზეზი მღვდელმონაზონ სტეფანის (იგუმნოვი) აზრით, ის გახლავთ, რომ  ამ დროისათვის „არსებობს უამრავი სხვა საკითხი, რომლებზეც ერთობლივი მუშაობაა საჭირო“.
რუსეთში პაპის ნუნცის, არქიეპისკოპოს ივან იურკევიჩის თქმით, თუ სად და როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა ამაზე „პირდაპირი პასუხი“ არ არსებობს,, მაგრამ იმედოვნებს, რომ „პირადი კონტაქტები ბევრად უფრო ხშირი იქნება“.

წყარომ კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი განაცხადა, რომ ქვეყანა პოტენციურად მზადაა, კვლავაც უმასპინძლოს ეკლესიების მეთაურთა შეხვედრას, რომ საამისოდ „ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს“. თავად პაპმა ფრანცისკმა კი აღნიშნა, რომ კუბა სრულიად შესაძლებელია იქცეს „დიალოგის დედაქალაქად“, თუკი დიალოგის განსაგრძობად ძალისხმევას არ დაიშურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0