დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამყაროს ახალი სექსუალური ორიენტაცია და მისი,,მიმდევრები“ პანსექსუალები მოევლინენ. სქესის განსაზღვრისას ისინი სრულიად განსხვავებული, ახალი და ცალკე არსებულ კატეგორიაში შედიან. პანსექსუალიზმი თურმე ნიშნავს ინდივიდის სურვილს, ურთიერთობა დაამყაროს ვისთან და რასთანაც (!) უნდა… ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები და ტრანს და ინტერსექსუალებიც. თავად ისინი საკუთარ თავს უსინათლო გენდერებად თვლიან და სქესის საყოველთაო კატეგორიებს არ აღიარებენ.
სქესობრივი თვალსაზრისით ზედმეტად ლოიალური ამერიკა აცხადებს, რომ პარტნიორის ასარჩევად მასთან მხოლოდ სულიერი სიახლოვე და კომფორტის განცდაა საკმარისი. ნაცნობი პრინციპი: ზომას არა აქვს მნიშვნელობა, პანსექსუალების შემთხვევაში ალბათ ასე გაიჟღერებს: სქესს არა აქვს მნიშვნელობა… სხვათა შორის, არც ფერს, არც ფორმას, არც… მთავარია, კომფორტის შეგრძნება!… ამას გარდა პანსექსუალიზმი ფროიდიზმის შემადგენელ ნაწილად ითვლება და აცხადებს, რომ ყველაფერი პირველყოფილ სექსუალურ ინსტიქტებამდე დადის…ხოლო ვის რა ანიჭებს ამგვარ კომფორტულ სიამო-ვნებას, ეს უკვე გემო-ვნების საკითხია…
ახალი სექსორიენტაციის წარმოშობის მიზეზად ფსიქოლოგები ეკონომიურ სიდუხჭირეს ასახელებენ. მათი მოსაზრებით: ადამიანებს უსახსრობის გამო არ სურთ სახლში დაბრუნება და არჩევენ იმ საგანსა თუ შეჩვეულ ნივთთან დარჩნენ, რომელიც მას პრობლემას არ უქმნის. სიტყვამ მოიტანა და, გაიხსენეთ რამდენჯერ გსმენიათ ქართველი მამაკაცებისგან, რომ საკუთარი ავტომობილი ყველაფერს ურჩევნიათ, რადგან ისინი, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ: არც პურს თხოვენ, არც საჭმელს, არც უმუშევრობის გამო ეჩხუბებიან და სიამოვნებასაც ანიჭებენ… ეს ისე, სიტყვამ მოიტანა…
პანსექსუალების გარდა თქვენს ყურადღებას შევაჩერებდი სექორიენტაციის ისეთ ნაირსახეობაზე, რომელსაც ინტერსექსუალები ჰქვია. ჩემი აზრით, ფსიქიატრიის განსაკუთრებული კვლევის ობიექტად სწორედ ისინი უნდა იქცნენ, რადგან ეს კატეგორია საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში საბოლოოდ (!) ან ჯერ კიდევ (რა ეჩქარებათ!) ვერ ჩამოყალიბებულა.
აქ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: მაიკლს შვილი უჩნდება, მეგობარი ულოცავს და ეკითხება: ვინ შეგეძინაო? მაიკლის პასუხი ასეთია: ჯერ არ ვიცი, გაიზრდება და თავად გადაწყვეტსო.. რეალურად სწორედ ასე ხდება შვედეთში, სტოკჰოლმის ერთ მოდურ საბავშვო ბაღში, რომელსაც „ეგალია“ჰქვია, სადაც ერთიდან 6 წლამდე 33 პატარა დადის.(ცნობისთვის,გერმანულად ეგა-სულ ერთიას ნიშნავს). ამ ბაღში ბავშვები ერთობიან ფერადკანიანი თოჯინებით, რომლებსაც სქესი არა აქვს და ჰომოსექსუალ ჟირაფებზე ისმენენ ზღაპრებს, ანუ ბავშვებს აქ ინტერსექსუალებად ზრდიან. საბავშვო ბაღის მეპატრონეები თვლიან, რომ ბავშვები სწორედ ამგვარად იღებენ შესაძლებლობას დარჩნენ ის, რაც არიან და არ გახდნენ ისეთები, როგორი მოლოდინიც მათ მიმართ აქვს საზოგადოებას, რომელიც კლასიკურ ვარიანტში: გოგონებისგან — ქალურობას, ბიჭებისგან კი —ვაჟკაცობას მოითხოვს.
რაც შეეხება ახალ სექსორიენტაციას, რომელიც გარკვეულ საგანთან ხანგრძლივ და სასიამოვნო ურთიერთობას გულისხმობს, დავუფიქრდეთ, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში რომელია ასეთი ნივთი და რადგან უმრავლესობას მაინც კომპიუტერთან მჭიდრო და ხანგრძლივი დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენ, ყველანი… პანსექსუალები გამოვდივართ!..