წულუკიანი: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ასეთი კონსენსუსი არ არის, არც ერთი ხელისუფლება, მათ შორის არც ჩვენი, ვერ შეძლებს რაიმე ნაბიჯების გადადგმას, რომ ეს კანონი შეიცვალოს, განაცხადა წულუკიანმა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ იგეგმება, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორშაბათს, 29 ივნისს ”პირველი რადიოს” ეთერში.

როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს – ქორწინება, ოჯახი — ეს ქალის და მამაკაცის ერთობაა. მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ოჯახის რწმენასა და ინსტიტუტზე დგას.

”აშშ-ში, როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი იყო მიღწეული. მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და ეს იმ საზოგადოებისთვის მისაღებია. საქართველოში ასეთი კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის, არც ერთი ხელისუფლება, მათ შორის ჩვენი, ვერანაირი ნაბიჯის გადადგმას ვერ შეძლებს, რომ ეს კანონი შეცვალოს. დღეს მოქმედი კანონი, რომ ოჯახს მამაკაცი და ქალი ქმნის, ასეთი დარჩება საქართველოში, რადგანაც ქართული საზოგადოება ოჯახს ჩვენს ქვეყანაში სწორედ ასე განიხილავს”, — განაცხადა წულუკიანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს აშშ-ის გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ ”დიდი შეცდომა” უწოდა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, 26 მაისს ერთი ხმის უპირატესობით (5 ხმა 4-ის წინააღმდეგ) დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და ასეთი ქორწინების რეგისტრაცია ყველა შტატში დასაშვებად ცნო. ამჟამად ერთსქესიანთა ქორწინება 50-იდან 37 შტატშია დაშვებული.


ყველა ახალი ამბავი
0