თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
შესაბამისი შეთანხმება საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრ შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბას შორის მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას. ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან“.
შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად მიიწვია.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული დიპლომატიის პირველ პირებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვდა.
საქართველოს დელეგაცია მინხენიდან საქართველოში 14 თებერვალს დაბრუნდება.