მოვლენები ბოლო დროს საინტერესოდ ვითარდება. თავად განსაჯეთ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე გაცხადდა, რომ საქართველო წევრობის სამოქმედო პროგრამას, ე.წ მაპს ამჯერადაც ვერ მიიღებს. მიზეზიც მკაფიოდ ითქვა — მაპი გარანტია არ არის, ის მხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტია და უსაფრთოების გარანტიების გარეშე სამოქმედო გეგმის მინიჭება გაზრდის რისკს საქართველოსთვის. ისიც გაირკვა, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ მიუხედავად, ჩვენ ამ ორგანიზაციაში „ფანჯრიდან“ უნდა შევიდეთ და ისიც მაშინ, როცა სასურველი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნება. რა იგულისხმება ამ „სასურველი გეოპოლიტიკური ვითარების“ მიღმა არავინ აკონკრეტებს, ღია მინიშნებები კეთდება ოფიციალურ მოსკოვთან მიმართებაში და ჩვენც მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის, ფორმალური აუცილებლობის არ არსებობის მიუხედავად, რუსეთის თანხმობა არა მხოლოდ სასურველი, არამედ გადამწყვეტიც იქნება. ბრიუსელიდან ახალი გზავნილების პარალელურად აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველოს მიერ სტრატეგიული დასავლური ორიენტაციის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. ეს ერთი სტატია, ბოლო დროს გაჟღერებული ყველა ე.წ გზავნილის ანალიზს ვერ დაიტევს და ამიტომაც ამჯერად ჯეიმს კლაპერის მოსაზრებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებებს შემოგთავაზებთ. როგორ აღიქვეს ოფიციალურ თბილისში ჯეიმს კლაპერის პროგნოზი, საფუძვლიანია თუ არა ის და მზად არისთუ არა ხელისუფლება გაუმკლავდეს ზეწოლას.
„ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ, ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო და უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში — ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები", — ასეთია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის პოზიცია. ის ჯეიმს კლაპერს ნატოს შტაბ-ბინიდან გამოეხმაურა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა: "პოზიცია დროულია. იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს შეაფერხოს ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი. ამიტომ საქართველოს, როგორც აშშ-ს პარტნიორისა და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის მქონე ქვეყნის მოხვედრა ამ ანგარიშში სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია…"
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „პირადად მე არ მეგულება საღად მოაზროვნე, ანალიზის უნარის მქონე ადამიანი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დარწმუნებით იტყვის, რომ ჯეიმს კლაპერის აქცენტები მთლიანობაში სწორია. მაინც სად ხედავს ჯეიმს კლაპერი იმ მთვარ საფრთხეს, სად და ვინ ახორციელებს საქართველოში რუსულ პროპაგანდას, მაინც რა პოლიტიკური ძალებია და რა საშუალებებით ხორციელდება ეს პროპაგანდა, — იგი არაფერს ამბობს და ვერც სხვა ვინმე იტყვის ვერაფერს გონივრულს! გარკვეული იმედგაცრუების საფუძველს ჯეიმს კლაპერი ეძებს არა იქ და არა იმ მიართულებით, სადაც პრობლემები ნაღდად არის… მაგრამ ეს უკვე არის პრობლემები საქართველოს კულტურისა და ქართველი ხალხის მენტალობის აღუქმელობისა და საქართველოსადმი სტანდარტული და მცდარი მიდგომებისა… არ არის ქართველი ისეთი ბრმა და გაუგებარი, სამომავლოდ არ ფიქრობდეს, მან უნიკალური პირობები შეუქმნა ყველა პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებაში ვინც იყო, არანაირი პრობლემა და… ყველა პოლიტიკურმა ძალამ უმოწყალოდ "გადააგდო". გასაკვირია, რომ სიღარიბეში და ტოტალურ უმუშევრობაში ჩაფლული ხალხი გულგატეხილობის ნიშნებს ავლენდეს?!…“
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე: „კარგი იქნებოდა დაზვერვის ხელმძღვანელს განცხადებასთან ერთად ობიექტური ანალიზი გაეკეთებინა იმისა, თუ რა არის პრორუსული განწყობის ზრდის მიზეზი. ეს უპირველესად იმის გამოა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს პოლიტიკოსებს, რომელეთაც ქართველი ხალხის სიძულვილი დაიმსახურეს. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ დასავლეთი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხოლო ისინი ვინც არასამთავრობო სექტორში გადაბარგდა, უხვად მარაგდებიან ფინანსებით. პრორუსული განწყობის ადამიანების რიცხვის ზრდას ხელს უწყობს, აგრეთვე, მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დააკავშირებული პროცესებით გამოწვეული იმედგაცრუება…“
ანალიტიკოსი ალექსანდრე რუსეცკი: „პროდასავლური კურსი არ ნიშნავს ანტირუსულ კურსს და პრორუსული კურსი არ ნიშნავს ანტიდასავლურ კურსს. საქართველო დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან. თბილისმა უნდა მოახერხოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სერიოზული ტრანსფორმაცია. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არ დავუშვათ ახალი კონფლიქტების პროვოცირება. რესურსი არის. გიორგი კვირიკაშვილი სერიოზული ახალი პოლიტიკური ფიგურა და დიდი აღმოჩენაა. არა მგონია სხვების მსგავსად მისი დაშინებაც შეძლონ…“
ამ ყველაფერში პოზიტივი არის და თანაც მნიშვნელოვანი. ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შენელებით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე უკვე ღიად საუბრობენ ოკეანის გაღმა და გამოღმა, ქვეყნის შიგნით და გარეთ.