თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო არჩევნების წინ ყველაზე მთავარი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას გულისხმობს.
შესწორებები დეპუტატების არჩევის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით არის ინიცირებული. ის ქვეყნის შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე მთლიანად გადასვლას ითვალისწინებს. ამასთან, ივარაუდება, რომ დეპუტატებს ორი სიით აირჩევენ: პროპორციული და სამხარეო-პროპორციული.
ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომელმაც იურიდიულ კომიტეტს შესწორებები საინიციატივო ჯგუფის სახელით წარუდგინა, განაცხადა, რომ არჩევნების ახალი სისტემა საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიების თანასწორობის პრინციპს ეფუძნება.
„შესწორებების მიღების შემდეგ პარტიები ადგილებს პარლამენტში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად მიიღებენ. თუ ძველი სისტემით პარტია ამომრჩევლის მხოლოდ მეოთხედ ხმებს მიიღებს, ხოლო პარლამენტში პარტიის შემადგენლობის სამი მეოთხედი მოხვდება, ეს არასამართლიანი იქნება, პირველ რიგში, ამომრჩევლისთვის“, — განაცხადა კუკავამ სხდომაზე, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ვებგვერდზე მიმდინარეობს.
შესწორებების მიღების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება პარლამენტში აისახება, აღნიშნავს ის.
ამჟამად საქართველოში ე. წ. შერეული სისტემა მოქმედებს: პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან. ოპოზიცია 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებებისთვის 2020 წლისთვის იქნება მზად.