თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ბანკი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 14,1 კილომეტრის მონაკვეთის მშენებლობისთვის 140 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ხელშეკრულებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების შესახებ ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური — ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდება დაახლოებით 8.3 კმ. ამ გზის 5,8 კილომეტრის მშენებლობას დააფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ამ მიზნით გამოყოფს 49.45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას.
დღეისთვის მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ სულ გამოყოფილია დაახლოებით 367 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი — ზემო ოსიაური მონაკვეთი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.
სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიას. მისი მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი“, — აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი საგარეო ტვირთების დაახლოებით 60%-ს ატარებს. ეს მაგისტრალი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს, რაც სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს ერთი მხრივ ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ კი — თურქეთთან და ევროპასთან.