მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარს უჭერს ინკლუზიური ზრდის მიღწევაში

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მიზანი სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება და ბიუჯეტის დაგეგმვა გახლავთ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ორ ფინანსურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელთა თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი  (IBRD) 120 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მიზანი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსური სექტორის განვითარება და ექსპორტის შესაძლებლობების ზრდა გახლავთ. 

ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის  მიზანი სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვა, სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმირება და სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება კერძო და საჯარო სექტორებში მიმდინარე რეფორმებს. 

„ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“. 

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – „საქართველო 2020“ მიზანია აღნიშნული წლისთვის შემდეგი პროგნოზული მაჩვენებლების მიღწევა:  ინფლაცია – 4%, მშპ (მთლიანი შიდაპროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე – 13 ათასი ლარი, მშპ–ს მიმართ სახელმწიფო ვალი – 40%–ზე ნაკლები, უმუშევრობის მაჩვენებელი – 12%–ზე ნაკლები, მშპ–ს მიმართ ექსპორტის წილი – 50%, მშპ–ს მიმართ გადასახადების წილი – 25%. 

 

ყველა ახალი ამბავი
0