თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. Caucasus Online-ის მენეჯმენტმა კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო აქტივების ნაწილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა ნიკა ჭიაურელმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მობიტელისა“ ("ბილაინის" სავაჭრო მარკა) და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანიები „მობიტელის“ მხრიდან „კავკასუს ონლაინისგან“ საცალო მომსახურების ბაზარზე სეგმენტის შეძენაზე წინასწარ ნებართვას ითხოვენ.
„იმის გამო, რომ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით საკმაოდ დევალვირებული გახდა, არ შეგვიძლია კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების სრულად მოგვარება, ამიტომ დღის წესრიგში გაყიდვის საკითხი დადგა. თუ ლარის კურსი სტაბილური გახდება, ჯერჯერობით მოლაპარაკებებს დავასრულებთ. კომპანიის დანაწევრების არანაირის სურვილი არ გვაქვს“, — განაცხადა ჭიაურელმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) პირველი ზეპირი მოსმენა სამშაბათს გაიმართა. კომისიის მორიგი სხდომა ამ საკითხზე 10 მარტს, კომპანიების მიერ დამატებითი დოკუმენტაციების წარმოდგენის შემდეგ გაიმართება.
სხდომაზე გაირკვა, რომ გარიგების სავალდებულო პირობა არსებული კრედიტორების დაკმაყოფილებაა. კერძოდ, კომპანია, რომელიც „კავკასუს ონლაინის“| აქტივების ნაწილს შეიძენს, იღებს 86 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ვალის დაფარვის ვალდებულებას.
მობილურ ოპერატორ „მაგთიკომსაც“ სურს „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შესყიდვა. კომპანიამ GNCC-ის წინასწარი ნებართვა 2015 წლის ნოემბერში მიიღო, მაგრამ კომპანიებმა ერთმანეთში შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
„მაგთიკომთან“ მსგავსი პროცედურები გავიარეთ, და კომპანიას ამ ტრანზაქციის განხორციელების ნებართვა მიეცა. პარალელურად დაიწყო პროცესი „ვიმპელკომთან“, მაგრამ ცოტა გაჭიანურდა. ჩვენ კომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ“.
„კავკასუს ონლაინის“ აქტივების შესყიდვას „სილქნეტიც“ გეგმავდა, თუმცა მხარეებმა GNCC-ის მიერ მათთვის გამოყოფილ დროში აუცილებელი დოკუმენტაცია არ წარადგინეს, ამის გამო კომისიამ ეს საკითხი არ განიხილა.
„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტსივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით 2008 წელს დაფუძნდა.