თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა, იტყობინება GNCC.
შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივის შეძენაზე მიეცა თანხმობა, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.
"საჯარო ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე", — ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში
„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online-ის (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) შერწყმის შედეგად 2008 წელს შეიქმნა.