თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (GNCC) უახლოეს ხანებში დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარომებას კომპანიების შპს „მობიტელისა“ და Caucasus Online-ს ერთობლივი განაცხადის საფუძველზე, იტყობინება GNCC.
კომპანიები ითხოვენ წინასწარ ნებართვას „მობიტელის“ მიერ Caucasus Online-საგან საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაზე.
კომუნიკაციების სფეროში შერწყმის ან აქტივების გაყიდვისთვის, კომისიის წინასწარი ნებართვაა საჭირო. როგორი იქნება GNCC-ს პოზიცია კომპანიების შესაძლო შერწყმაზე მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ თემაზე.
„განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირების გაგრძელებას“, — ნათქვამია GNCC-ს განცხადებაში.
„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ინტერნეტბაზარზე მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online-ის (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) შერწყმის შედეგად 2008 წელს შეიქმნა.