თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „სტუდია მაესტროს“ 30% წილის შესაძენად ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველმა გიორგი გაჩეჩილაძემ პროცენტიანი ვალი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძისგან აიღო, რომელიც ადრე აწ განსვენებული მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პარტნიორი იყო.
კიდევ ერთი მეწილის, დიზაინერ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ სინამდვილეში საკონტროლო პაკეტის მფლობელი არა გაჩეჩილაძე, რომელიც მანამდე 25% წილს ფლობდა, არამედ რუხაძე გახდა. ამის საბაბი რუხაძისა და ასათიანის გამოქვეყნებული მიმოწერა გახდა, სადაც ის დიზაინერს თავის სასარგებლოდ 7,5 მილიონ აშშ დოლარად 25% წილის დათმობას სთავაზობდა.
„ფული არ ჩამიდია, უბრალოდ, ჩემს მეგობარს ვასესხე (გაჩეჩილაძეს). ის პროცენტებით დამიბრუნებს. ეს თანხა, რომელიც ვასესხე, სრულებით საკმარისია იმ წილის დასაფარავად, რომელიც იყიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს. ამიტომ მაწყობდა ეს“, — განაცხადა რუხაძემ ტელეკომპანია GDS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რუხაძე არ აზუსტებს, რა თანხაზეა საუბარი. ამასთან, მან განაცხადა, რომ ასათიანის მეუღლე კოტე გოგელია უკვე დიდი ხანია, 5,5 მილიონ აშშ დოლარად „მაესტროს“ გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ირაკლი რუხაძე აშშ-ის მოქალაქე და Salford Georgia-ს მფლობელია. ადვოკატ გვენეტაძის აზრით, რუხაძე კიდევ ერთ ქართულ ტელეკომპანიას — „იმედს“ ფლობს, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაა, რაც უკვე არღვევს კანონს „კონკურენციის შესახებ“ და მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.
თუმცა, არც საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არც კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი რუხაძე ან ფლობს ან მართავს პატარკაციშვილის ოჯახის ტელევიზიას, არ არის.
ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.