თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. Sputnik-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა საუკეთესო ქართველ ლეგიონერად ჯაბა კანკავას ასახელებს.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას, რომელიც ფრანგულ „რეიმსში“ თამაშობს, პორტალ Sputnik-ის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ მისცა ხმა. ნახევარმცველს მკითხველის 32,6%-მა დაუჭირა ხმა.
მეორე ადგილი ჰოლანდიური „ვიტესის“ მცველმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ დაიკავა (16,9%), ხოლო მესამე — კაშიას თანაკლუბელმა ვაკო ყაზაიშვილმა (12,4%).
კანკავა „დინამოს“ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი აღსაზრდელი იყო. ფეხბურთელი დანარჩენ მოთამაშეთა შორის გამოირჩეოდა და უკვე 18 წლისა ძირითად გუნდში მიიწვიეს. მართალია, მოედანზე ახალგაზრდა მოთამაშე ყოველთვის არ გადიოდა და მთლიანობაში „დინამოსთვის“ სულ ხუთი მატჩი ჩაატარა.
2004 წელს გაიმართა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში ალბანეთის წინააღმდეგ, სადაც ქართველებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
2005 წლის თებერვალში ნახევარმცველმა მშობლიური კლუბი დატოვა და თავის რუსეთის ჩემპიონატში მოსინჯვა გადაწყვიტა. მაგრამ „ალანიაში“ გატარებული ნახევარი წლის განმავლობაში კანკავამ მინდორზე სულ 123 წუთი გაატარა.
კანკავამ ვლადიკავკაზში არასრული სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერის გაგრძელება უკრაინაში გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
2005/2006 წლების სეზონზე ჯაბა კიევის „არსენალს“ იცავდა. უკრაინაში პირველივე წელს კანკავა ძირითადი მოთამაშე ვერ გახდა და მინდორზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. მაშინ შეიძლება ვინმეს მოჩვენებოდა, რომ „ალანიას“ ისტორია გაგრძელდებოდა და ზაფხულში ფეხბურთელი ახალი კლუბის ძებნას დაიწყებდა, მაგრამ არა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
გუნდის ხელმძღვანელობამ ნახევარმცველში დაინახა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. 2006/2007 წლების სეზონში კანკავა ძირითადი მოთამაშე გახდა. ფეხბურთელი „მომწიფდა“ და თანდათან იმ თვისებების გამომჟღავნება დაიწყო, რომლებიც დღესაც ახასიათებს. კანკავა ერთგვარი „პიტბული“ გახდა მოედნის ცენტრში, რომელიც მოწინააღმდეგეს თავისი კომბინაციების გეომეტრიის დარღვევის უფლებას არ აძლევს.
აქედან გამომდინარე, კანკავა ყვითელი ბარათების „უხვი“ რაოდენობით გამოირჩევა. 14 მატჩში მან „მოახერხა“ და შვიდი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ ოთხი გოლიც გაიტანა.
მოთამაშის ასეთი პერფომანსით უფრო სოლიდური „დნეპრი“ დაინტერესდა, 2006 წელს კანკავამ „არსენალი“ დატოვა და დნეპროპეტროვსკის გუნდს შეუერთდა.
ფეხბურთელის წარმატებებმა საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღებაც მიიპყრო. კანკავას საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში უფრო ხშირად იწვევდნენ.
ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე, სანამ ნახევარმცველის თამაშში გარკვეული „ვარდნა“ არ აღინიშნა. „დნეპრის“ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კანკავა „კრივბასისთვის“ (კრივოი როგიდან) მიექირავებინა, სადაც ქართველმა თითქმის ორი წელი დაჰყო.
მაგრამ კანკავა იმ ფეხბურთელთა რიცხვს არ ეკუთვნის, ვინც ადვილად ნებდება როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ. ნახევარმცველმა დაამტკიცა, რომ „დნეპრში“ დაბრუნება შეუძლია.
2012-2013 წლების სეზონში დნეპროპეტროვსკის კლუბმა კანკავა დაიბრუნა. კანკავას პროგრესი ქვეყნის ნაკრებშიც შენიშნეს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელარუსის წინააღმდეგ კანკავა გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა წინ, ასეა დღესაც.
ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში ყოველთვის ემახსოვრებათ და არა მხოლოდ უკრაინაში — მთელს მსოფლიოშიც, განსაკუთრებით — კიევის „დინამოს“ გულშემატკივრებს.
2014 წლის 30 მარტს კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩში დედაქალაქის გუნდის კაპიტანი ოლეგ გუსევი „დნეპრის“ მეკარეს დენის ბოიკოს შეეჯახა, დაეცა, გონი დაკარგა და ენა გადაყლაპა. კანკავამ გუსევს პირველი დახმარება მაშინვე აღმოუჩინა და მას სუნთქვის აღდგენაში დაეხმარა. დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ექიმის გრიგორი პილიპენკოსა და არა მხოლოდ მისი თქმით, კანკავას ქმედებებმა გუსევი სიკვდილისგან იხსნა.
13 აპრილს, ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ მატჩის დაწყებამდე კანკავას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის „ღირსების ნიშანი“ გადაეცა.
გასული წლის ზაფხულში კანკავამ „დნეპრი“ დატოვა და განაცხადა, რომ მისი „სულის ნაწილი დნეპროპეტროვსკში სამუდამოდ დარჩება“.
ამჟამად კანკავა საფრანგეთში თამაშობს, სადაც „რეიმსს“ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება.
ჩემპიონატის გარდა, 2015 წელი ქართველი ნახევარმცველისთვის კიდევ ორი მოვლენით აღინიშნა. პირველ რიგში, კანკავას გოლი გერმანიის ნაკრების კარში (ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩში) ფიფამ წლის საუკეთესო 100 გოლის სიაში შეიტანა. მეორეც, კანკავა საკუთარ სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.