თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება შეუძლია, აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს მხრიდან ასეთი კონკრეტული ნაბიჯების (სავიზო რეჟიმის გაუქმება) გადადგმის შესახებ საუბარი ტურიზმის სფეროში საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრისას წარმოიშვა, აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველ და ირანელ ხალხებს შორის მჭიდრო კულტურული ურთიერთობები განიხილეს. გამოითქვა იმედი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ამ მიმართებით კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს, ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ პოტენციალზე იმსჯელეს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მიულოცა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივი წესით 2013 წელს დააწესა, მანამდე ორნახევარი წლის განმავლობაში უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციებით ახსნა.