თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ისევე როგორც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა თემა — ეს წინასწარ მოფიქრებული პროვოკაციაა, რათა ხელი შეეშალოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას, — მიაჩნია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ დავით შარაშენიძეს.
ლგბტ პირთა უფლებების დამცველი გიორგი ტატიშვილი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს. გასულ კვირაში მან სარჩელიც კი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რის შემდეგაც, როგორც ტატიშვილი აცხადებს, ზოგიერთმა დეპუტატმა და მთავრობის წევრმა მასზე ზეწოლა დაიწყო.
„ეს მიზანმიმართულად ჩამოყალიბებული ჯგუფებია, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ევროინტეგრაციას, ვინაიდან კარგად უწყიან, რომ ამგვარი საზოგადოების გააქტიურების კვალდაკვალ, იზრდება ევროინტეგრაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რაოდენობაც. ესენი ნამდვილი პროვოკატორები არიან, რომლებსაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ ხელს“, — განაცხადა დეკანოზმა შარაშენიძემ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება ლგბტ პირთა წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ ემუქრებიან და სცემენ, დეკანოზის აზრით, ისინი თავად იზიანებენ სხეულებს, რათა რაღაც არახელსაყრელი პროცესები ააგორონ.
„საქართველოში მათ არავინ ემუქრება. ეს სრული აბსურდია“, — განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
მამა დავითის თქმით, ეკლესიის კარია ღიაა ყველასთვის, მათ შორის, ლგბტ-ებისთვისაც.
„ისინი დადიან ეკლესიაში. ჩვენ ზურგს კი არ ვაქცევთ მათ, პირიქით, დიდი ყურადღებით ვეკიდებით ასეთ ადამიანებს, რათა როგორღაც დავეხმაროთ ამის დაძლევაში. მე თავად მყავდა სულიერი შვილი, რომელიც ამ, ასე ვთქვათ, გადახრით იყო დაავადებული და ცდილობდა მის დაძლევას“, — განაცხადა დეკანოზმა მამა დავითმა.