თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ორი, ერთი შეხედვით, ერთნაირი სტრუქტურის ფუნქციონირების აუცილებლობა განმარტეს. საუბარია ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ქვეყნის წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, რომელის პრეზიდენტთან ურთიერთობებიც მთლად მოწესრიგებული არ იყო. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ახალი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, რის შემდეგაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებულ ორ უწყებას გააერთიანებენ.
„უშიშროების საბჭო გახდა ერთადერთი ფორმალური ინსტიტუტი, რომელშიც პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და საპარლამენტო ხელისუფლების ხელმძღვანელი ერთად სხდებიან, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები გადაწყვიტონ… მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც—კრიზისებიც; კრიზისები, რომელიც ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურებმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ. ამისათვის მთავრობაში უნდა არსებობდეს რაღაც ტიპის მექანიზმი, რომელიც კრიზისებს გაუმკლავდება“, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
იგივე პოზიციაზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
„ნებისმიერი კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომლის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
ამასთან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავენ თანამშრომლობის აუცილებლობას იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი საგანგებო ვითარებაში გადაიზრდება და ხელისუფლების ორივე შტოს ერთობლივი მუშაობა გახდება საჭირო.