თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა მედიასთან შეაფასა და განაცხადა, რომ კონსტიტუციურ პროცესს ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა. საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას მთავრობის წევრები და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
პრემიერის შეფასებით, მარგველაშვილის გამოსვლა „საინტერესო იყო“, რომელშიც „ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი“ გაკეთდა.
„სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა ოთხპუნქტიანი რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია. ზოგადად, ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საჭიროა საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგია საქართველოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის," — ციტირებს პრემიერს მთავრობის პრესსამსახური.
წინა წლებში მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.