თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კახეთში რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენის თაობაზე ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ ქართული მხარისთვის ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ უცნობებია, — ამის შესახებ სააგენტო Новости-Грузия-ს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმღვანელმა გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.
იანვრის შუა რიცხვებში, Frontera Resources — მა განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოების დროს, კახეთის რეგიონში 5,3 ტრილიონი კუბამეტრის ოდენობის გაზის რესურსი აღმოაჩინა. ამასთან მედიაში აქტიურად დაიწყეს იმის განხილვა, ჰქონდა თუ არა საქართველოს ამ რაოდენობის გაზი.
„ფრონტერას მიერ გავრცელებულ განცხადებებში მითითებულია როგორც რესურსი რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზი. რესურსი ეს არ არის მარაგი. იმისათვის რომ რესურსი გადავიდეს მარაგის კატეგორიაში, რაც გულისხმობს იმ მოცულობას, რომლის ამოღებაც საბადოდან შესაძლებელია, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. ჯერ- ჯერობით ის გეგმები, რომლებიც სახელმწიფოს ფრონტერამ მიაწოდა, არ ითვალისწინებს იმ სამუშაოების ჩატარებას, რომელიც სჭირდება ამ ტრილიონობით რესურსის მარაგებში გადაყვანას. შესაბამისად კომპანიას სახელმწიფოსთვის არც გაზის აღმოჩენის თაობაზე მიუმართავს განცხადებით, რასაც ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე ის ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოსა და ფრონტერას შორის არის გაფორმებული“- განაცხადა გიორგი ტატიშვილმა. გიორგი ტატიშვილის განცხადებით ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანიისგან იმ ნაბიჯების გადადგმას ელოდება, რომელი აუცილებელია ამ რესურსების მარაგების კატეგორიაში გადასაყვანად.
„ჩვენ ველოდებით "ფრონტერასგან", რომ დაადასტურონ ამ რესურსების არსებობა, განახორციელონ მისი მოპოვება და კომერციალიზაცია, თუ ეს ზოგადად შესაძლებელია. ჯერ-ჯერობით არავითარი წინაპირობა საამისოდ კომპანიას არ შეუქმნია“-აღნიშნა გიორგი ტატიშვილმა.
მისი თქმით, თუ კახეთში აღმოჩნდა რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზი, იმ მოხმარებიდან გამომდინარე რაც დღეს საქართველოს აქვს და ეს არის 2 მილიარდი კუბური მეტრი, ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ გაზის ექსპორტზე გატანასაც შეძლებს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით კი გაზის დადასტურებული მარაგები კახეთში 1 მილიარდ 925 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
Frontera Resources Corporation — საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. იგი 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის სტრატეგია ნახშირწყალბადის მოპოვების პერსპექტივის მოძიებაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს ეკუთვნიან. საქართველოში ბუნებრივი აირის კომპანიის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 300 მილიარდ კუბამეტრს შეადგენს.