თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ქვეყნის განვითარების ერთნაირი ხედვა აქვთ, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
„სულ რაღაც ერთი თვის შუალედში ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს გქონდა საშუალება მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს, აქვე მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა და მე პირადად მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინახეთ ერთნაირი და ერთიანი მიდგომები, პათოსი, ხედვა, ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების, ეს არის დამაიმედებელი კონკრეტულად იმისთვის რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა ინსტიტუტებმა ღიად საჯაროდ გაუზიარონ აზრი ერთმანეთს და ამასობაში გამოვხატოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციები“ — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას ოთხშაბათს პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.