თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველო რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ისწრაფვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას.
მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე წარდგა. სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა..„როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, სტაბილურობისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტიაა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს პატივი უნდა სცეს.
„კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის“, — აღნიშნა მან.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ისინი დათმობაზე არ წავლენ.