თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. „არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სურს. ამიტომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატების წინაშე ტრადიციული სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობა ჩრდილოეთ პარტნიორთან ხშირად მიმდინარეობს რბილი ძალის აქტიური გამოყენების ფონზე.
„ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც ასევე შესაძლებელია რბილი ძალის მეშვეობით და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით „გაზპრომს“ ეხება.
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.