თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო აქტიურად უნდა იქნას ათვისებული.
„საქართველო უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ადგილზე იმყოფება. ახალი აბრეშუმის გზის თვალსაზრისით, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ადგილას და ვასრულებთ უკვე ისტორიულად ისეთ ფუნქციას, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აქცენტს ანიჭებს”, — განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებით გამოსვლისას.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა ამ პროცესის გაღრმავება და ამ მიმართულებით საქართველოს მიზანი მზარდი პოტენციალის განხორციელებაშია. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, „ტანაპის“ და „ტაპის“ პროექტები, აბრეშუმის გზის სხვა ინიციატივები, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და ლაპისლაზულის სატრანსპორტო პროექტები — ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია. ამ შესაძლებლობებს, რომლებიც უკვე კარგად გააზრებულია და განხორციელების მომავალი პროექტების ფაზაში იმყოფება, ემატება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის, კონკრეტულად საქართველოსთვის — ეს არის ირანის ეკონომიკური პოტენციალის გახსნა და სპარსეთის ყურისა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველოს უნიკალური როლის ათვისება”, — თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.