თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ტრადიციული ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სუბიექტი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმებიც, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა პარლამენტს რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა: „დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა საცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რადგან ასეთი დღეს არ არსებობს;
შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ პროპორციულად სამი წევრით იყოს წარმოდგენილი თითოეული ინსტანცია;
მოსამართლეთა უვადო დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება;
გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით”.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა კორპუსის როლს. „მიმჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე მათი დაცულობა, რაც უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის გაღრმავებას ჩვენ სასამართლო სისტემაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სამართლიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისათის უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი ორგანოების როლი. ვფიქრობ, აქ, როგორც პროკურატურის, ასევე შინაგან საქმეთა სანმინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო კვლავ საჭიროებს დახვეწას”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.