მეცხრე პლანეტის საიდუმლო: ერთი ასტრონომიული აღმოჩენის ისტორია

© Photo: courtesy of David A. Aguilar (CfA)პლანეტები
პლანეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული წარმოშობის ამერიკელმა ასტრონომმა კონსტანტინ ბატიგინმა Sputnik-ს უამბო, როგორ ეძებდა კოლეგასთან ერთად პლანეტას და როგორ მიაგნო მას.

მზის სისტემის მეცხრე პლანეტის აღმოჩენა იანვარში ლამის მსოფლიოს უმთავრეს ახალ ამბად იქცა. და სანამ ასტრონომები იმაზე კამათობენ, არის თუ არა ეს პლანეტა, ხოლო მოქალაქეები მისთვის დევიდ ბოუის სახელის მინიჭებას ითხოვენ, "Sputnik ბელარუსი" აღმოჩენის ერთ-ერთ უშუალო ავტორს, მეცნიერ კონსტანტინ ბატიგინს გაესაუბრა. 

კონსტანტინ ბატიგინი მოსკოვში დაიბადა 1986 წელს, ახლა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში პლანეტოლოგიას ასწავლის. ის შესულია ჟურნალ „ფორბსის“ 2015 წლის ჩამონათვალში „30 წელზე ნაკლები ასაკის 30 სწავლული, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“. ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკელმა ასტრონომმა ისაუბრა, თუ რატომ ეკიდებოდა მეცხრე პლანეტის არსებობას სკეპტიკურად, უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა ის დედამიწას და დაადასტურა, რომ „პლანეტა იქსი“ არ არის ჩამქრალი ვარსკვლავი. 

„პლანეტა იქსის“ ძიებაში

ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად ეკიდება მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობას, მაგრამ ასტრონომთა უმრავლესობა აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ათობით წლის განმავლობაში „ძებნილი“ პლანეტა, ბოლოს და ბოლოს, ნაპოვნია. აღმოჩენის ავტორებმა უმთავრეს არგუმენტად სერიოზული მათემატიკური გამოთვლები წარმოადგინეს.  აი ერთ-ერთი პირველაღმომჩენი კონსტანტინ ბატიგინი კი Sputnik-ს გამოუტყდა, რომ თემაზე მუშაობის დასაწყისში საერთოდ არ სჯეროდა მეცხრე პლანეტის არსებობა. 

პლანეტა - Sputnik საქართველო
მზის სისტემის ახალი პლანეტა შესაძლოა უკვე რამდენიმე წელიწადში აღმოაჩინონ
 

„ამ პროექტში წელიწადნახევრის წინ ჩავერთეთ. ყველაფერი ჩვენი კოლეგების, ვაშინგტონელი მეცნიერების, სკოტ შეფარდისა და ჩადვიკტრუხოლიოს სამეცნიერო სტატიების კითხვიდან დაიწყო. მათ პირველებმა შენიშნეს აუხსნელი ანომალიები მზის სისტემის შორეულ საზღვრებზე — კოიპერის სარტყელში. მათ კვლევებში საუბარი იყო იმ ობიექტებზე, რომელთა ქცევის ახსნაც, თუკი არ დავუშვებდით უძლიერესი გრავიტაციის არსებობის გავლენას, ძალიან ძნელი იქნებოდა. ჩვენც სწორედ ამ გრავიტაციის წყაროს ძებნას შევუდექით“, — თქვა ბატიგინმა. 

გრავიტაციის უცნობი წყარო კოიპერის სარტყელში 

პირველი, რამაც მკვლევართა ყურადღება მიიპყრო — ეს მზის სისტემის განაპირას რამდენიმე ობიექტის ორბიტები იყო. „ისინი ერთი მხრისკენ იყვნენ მიმართულები და ერთ სიბრტყეში მდებარეობდნენ. გასაგები იყო, რომ არსებობდა რარაც გავლენა, რომელიც ასეთ მოძრაობას განაპირობებდა. მაგრამ საიდან მომდინარეობდა ის, ამოცანად რცებოდა“, — განმარტა ბატიგინმა.  

თეორიის შესამოწმებლად მეცნიერებმა მათემატიკური გამოთვლითი სისტემა გამოიყენეს. თავდაპირველად მათ ივარაუდეს, რომ შესაძლოა თავად კოიპერის სარტყელი ახდენდა ამგვარ გრავიტაციულ ზემოქმედებას. მაგრამ მერე გაირკვა, რომ მასალა მასში არსებულზე ასჯერ მეტი უნდა ყოფილიყო, რომ მსგავსი ეფექტის მოხდენა შესძლებოდა.  ამის შემდეგ მეცნიერებმა ჰიპოთეტურ გალაქტიკურ ეფექტებზე გადაიტანეს, მაგრამ ეს თეორიაც მცდარი აღმოჩნდა. 

„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ყველა თეორიის უარყოფა გვიწევდა. და მაშინ ვიფიქრეთ, რომ თუ არა პლანეტის არსებობა, სხვა ვერაფრით ავხსნიდით ამგვარ გრავიტაციულ ზემოქმედებას“, — თქვა მეცნიერმა.    

და სწავლულებმა მათემატიკურ მოდელებში პლანეტის არსებობის შესაძლებლობა ჩართეს. აღმოჩნდა, რომ მზის სისტემის ჩამომყალიბებელმა თვით ყველაზე უბრალო, მარტივმა მათემატიკურმა გამოთვლებმაც კი, ვერ უარყო ეს თეორია.  

კვლევა მიდიოდა, ეჭვი კი არ ქრებოდა

ამ ვერსიის გამოსაცდელად კონსტანტინ ბატიგინსა და მაიკლ ბრაუნს თითქმის რვა თვე დასჭირდათ. მერე კი საინტერესო შედეგებმა იჩინა თავი. 

ერთ მომენტში ბატიგინმა იფიქრა, რომ მაინც ცდებოდნენ, ამიტომ მივიდა მაიკლთან და საკუთარი ეჭვები გაუზიარა. თუმცა მოგვიანებით ამ ეჭვების გამომწვევი მიზეზების უსაფუძვლობაში დარწმუნდა. 

როცა სწავლულებმა საკუთარი მოსაზრებების მათემატიკური დასტური მიიღეს, პირველად სწორედ მაშინ დაეუფლათ რწმენა, რომ მსოფლიო ახალი აღმოჩენის ზღვარზე იდგა. ჩვენ ჯერ კიდევ სკოლიდან, ასტრონომიის გაკვეთილებიდან ვართ მიჩვეულები, რომ ყველა ორბიტა მრგვალია. ამ პლანეტის ორბიტა კი ძალზე გაწელილი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ახასიათებს მას განსხვავებული, უჩვეულო გრავიტაციული დინამიკა. 

ახალი პლანეტა — ჩამქრალი ვარსკვლავი?

ზოგმა ასტრონავტმა, როგორც კი აღმოჩენის თაობაზე ცნობილი გახდა, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა საუბარი კიდევ ერთ ვარსკვლავზე ყოფილიყო. ამ ფანტომურ ვარსკვლავს სახელწოდებაც კი აქვს — ნემეზიდა ჰქვია. ამ ვერსიის მომხრეები საკუთარი ვარაუდის სასარგებლოდ ამტკიცებენ, რომ ჩვენს გალაქტიკაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი ორმაგია. თუმცა ბატიგინს „ორმაგი ვარსკვლავის“ ვერსია უსუსურად ეჩვენება. 

„ჩვენ მათემატიკურ მოდელს შეუძლია, საკმაოდ ზუსტად განსაზღვროს მასა. თუ ყველაფერი სწორად გვაქვს გამოთვლილი, მაშინ „პლანეტა იქსის“ მასა ნეპტუნის მასას სულ ცოტათი აღემატება. ეს რომ ჩამქრალი ვარსკვლავი, ანუ „ყავისფერი ჯუჯა“  ყოფილიყო,  მაშინ მისი მასა ცამეტი ნეპტუნის მასაზე ნაკლები არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მის გრავიტაციულ ეფექტს აუცილებლად ბევრად ახლოს დავაფიქსირებდით“, — მოიყვანა საკუთარი არგუმენტი ბატიგინმა. 

სწავლულმა ასევე გაგვაცნო ინფრაწითელი ტელესკოპის NАSА WISE-ს 2014 წელს ჩატარებული ასტრონომიული სკანირების მონაცემები. შედეგებმა აჩვენა, რომ მზიდან 20 ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ჩვენს სისტემაში არ არსებობს სატურნზე უფრო მასიური ობიექტი. ამიტომაც ვერსია ჩამქრალი ვარსკვლავის თაობაზე მაშინვე გამოირიცხა. 

„პლანეტა იქსი“ — გაზის მორიგი გიგანტი?

უზარმაზარი პლანეტების აბსოლუტური უმეტესობა — ეს იუპიტერის ტიპის გაზის გიგანტებია. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენი იდუმალი კოსმოსური მეზობელიც თავის ძმებს ჩამოჰგავდეს. 

შავი ხვრელი - Sputnik საქართველო
შავი ხვრელი - გალაქტიკაში მონსტრმა გაიღვიძა
 

„ამ ობიექტის ქიმიური შემადგენლობა და სტრუქტურა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. რაც ვიცით, ეს მხოლოდ მასაა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ მზის სისტემის მიღმა ასეთი პლანეტები არსებობს და ისინი ძალიან ჰგვანან ურანსა და ნეპტუნს. პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასის დიდ ნაწილს ქვის მასალები და წყალი შეადგენს და მხოლოდ 20% მოდის წყალბადსა და ჰელიუმზე“, — ასეთია ბატიგინის ვარაუდი. 

მისი განმარტებით, ასეთი პლანეტის ლანდშაფტი კარდინალურად განსხვავდება დედამიწის ლანდშაფტისგან. მიზეზი — ეს კოლოსალური წნევაა, რის გამოც ჩვეული ქიმიური ელემენტები აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმებს იძენს. 

აღმოაჩენენ თუ არა სხვა პლანეტებსაც? 

ადამიანებს, რომლებიც გულგრილნი არ არიან კოსმოსის მიმართ, მყისიერად დაებადათ შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა მეათე და მეთერთმეტე პლანეტების აღმოჩენა? 

ასტრონომ ბატიგინს ამაზეც აქვს პასუხი: „უნდა გვესმოდეს, რომ მზის სისტემაში საკმარისი სივრცეა საიმისოდ, რომ იქ კიდევ რამდენიმე პლანეტა ჩავტიოთ. შედარებისთვის — „პლანეტა იქსი“ მზიდან დაახლოებით 700 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. მზის გრავიტაციული გავლენა კი სადღაც ასი ათას ასტრონომიულ ერთეულზე წყდება“. თუმცა მეცნიერმა იქვე განმარტა, რომ რაიმე ჯერჯერობით რაიმე ახალი მასიური ობიექტის აღმოსაჩენად მონაცემები არ გააჩნიათ. 

ჯერ მათემატიკა, მერე კი ტელესკოპი

ჩვენი უხილავი მეზობელი მათემატიკური მეთოდების წყალობით იქნა აღმოჩენილი. სწორედ ასე აღმოაჩინეს 1846 წელს ნეპტუნი. მაგრამ ადამიანს, სანამ პლანეტის ფოტოს არ ნახავს, მისი არსებობისა არ სჯერა. ახლა ყველა ტელესკოპით გადაღებულ პირველ ფოტოებს ელოდება, მაგრამ გარკვეული პრობლემები აქაც არსებობს. 

პლანეტა - Sputnik საქართველო
მზის სისტემის ახალი პლანეტა შესაძლოა უკვე რამდენიმე წელიწადში აღმოაჩინონ
 

„ყველასათვის ცნობილი ტელესკოპი „ჰაბლი“ ამგვარი ძიებისთვის მოსახერხებელი ინსტრუმენტი ვერ არის. საქმე ისაა, რომ „ჰაბლი“ სნაიპერული შაშხანის პრინციპით მუშაობს — ზუსტად უნდა იყოს ცნობილი დრო და მიმაღთულება. თუმცა შესაფერისი ხელსაწყო არსებობს. ეს ტელესკოპი „სუბარუა“, რომელიც ჰავაიზე მდებარეობს… თუ ჩვენი გამოთვლები სწორია, პლანეტის აღმოსაჩენად ტელესკოპს ორიდან რვა წლამდე დასჭირდება“, — დააიმედა ბატიგინმა კოსმოსური სურათების მოყვარულები. 

პლანეტა არ არის, მონაცემები კი დამთხვევაა? 

მიუხედავად მათემატიკური გამოთვლების თვალსაჩინოებისა, ყველა მეცნიერი როდია თანახმა, რომ კვლევების შედეგები აღიაროს და აღმოჩენა დაადასტუროს. და მაინც, სარეცენზიო გამოხმაურებებით დასტურდება, რომ ეს ჰიპოთეზა მეტად დამაჯერებელია. 

„რა თქმა უნდა, მეცნიერული სამყარო კრიტიკის გარეშე ვერ იარსებებს.  მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეული ექვსი ობიექტის ორბიტებზე გრავიტაციული ზემოქმედება უბრალოდ დამთხვევაა. ჩვენს ეს შესაძლებლობაც გამოვთვალეთ და ის მართლაც არსებობს —0,007 პროცენტს შეადგენს. ამიტომ ჩვენი გამოკვლევის სიზუსტისათვის ჩვენი მსგავსი სისტემების კოსმოსში ქცევის მოდელირება მოვახდინეთ. ამან გვაჩვენა, რომ არ შევმცდარვართ და პლანეტის არსებობის ალბათობა ძალიან მაღალია“, — განუცხადა Sputnik-ს ასტრონომმა. 

ახალი ობიექტი კატასტროფას არ გვიქადის

უკვე გამოთვლილია, რომ პლანეტა მზის გარშემო ერთ შემობრუნებას 15 ათას წელს ანდომებს. და მავანს ებადება შეკითხვა: რა მოხდება, თუ ეს მასიური ობიექტი მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწასა და მზეს? საბედნიეროდ, არაფერი საშიში არ მოხდება. 

„პლანეტა მაქსიმალურადაც რომ მოუახლოვდეს მზეს, არანაირ ცვლილებას არ ვიგრძნობთ. საქმე ისაა, რომ პლანეტა მზეს 250-ჯერ მეტადაა დაშორებული, ვისრე ჩვენი პლანეტა. ასეთ გიგანტებს დედამიწაზე დამღუპველი გავლენის მოხდენა რომ შეეძლოთ, ნეპტუნი და იუპიტერი დიდი ხნის წინ გაგვანადგურებდნენ“, — ირწმუნება ასტრონომი. 

სახელწოდება ბოუის პატივსაცემად?

ზოგიერთმა ჟურნალისტმა ახალი ციური სხეული უკვე მონათლა მეცნიერების სახელით და „ბატიგინ-ბრაუნის პლანეტა“ უწოდა. მაგრამ საზოგადოება ჯიუტად ითხოვს მისთვის გარდაცვლილი როკ-მუსიკოსის, დევიდ ბოუის სახელის მინიჭებას. 

„პეტიციების ამერიკულ რესურსზე უკვე განთავსებულია მიმართვა, რომ პლანეტას ბოუის სახელი ეწოდოს. ყოველი ახალი ათი ხელმოწერის  შემდეგ ფოსტაზე შეტყობინება მომდის. ამიტომ ფოსტა გადავსებულია ასეთი წერილებით, საფოსტო ყუთი კი პირდაპირ ფეთქდება“, — იხუმრა ბატიგინმა.

და რახან ახალი ციური ობიექტის სახელწოდების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მას ისევ „პლანეტა იქსად“  მოიხსენიებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0