თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ტელესკოპები მზის სისტემის ახალი პლანეტის აღმოჩენას, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში შეძლებენ, ვარაუდობს შორეულ გიგანტურ პლანეტაზე ჰიპოთეზის თანაავტორი კონსტანტინ ბატიგინი რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკ ბრაუნმა აშშ-ის გამოცემა „ასტრონომიულ ჟურნალში“ გამოაქვეყნეს სტატია, სადაც გამოთქვამენ საკუთარ ჰიპოთეზას მზის სისტემაში 10 დედამიწის მასისა და დაახლოებით ნეპტუნის ზომის მქონე ახალი პლანეტის არსებობის შესახებ.
„არსებობს ამისთვის (ახალი პლანეტის აღმოჩენისთვის) იდეალური ორი ტელესკოპი — იაპონური ტელესკოპი Subaru და ტელესკოპი Кека. ორივე ჰავაიზეა. მიგვაჩნია, რომ დრო საკმარისი გვაქვს და „პლანეტა 9“-ის აღმოჩენა ერთ-ორ წელიწადში შეგვიძლია“, — განაცხადა ბატიგინმა.
ბატიგინმა და ბრაუნმა ნეპტუნის ორბიტის მიღმა კოიპერის სარტყლის ექვსი ობიექტის მოძრაობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მათი მდებარეობა ან ძალზე ნაკლებსავარაუდო დამთხვევით, ან მოშორებული გიგანტური პლანეტის არსებობით შეიძლება აიხსნას.
მკვლევარების აზრით, მსგავს ვითარებაში აღმოაჩინეს ნეპტუნი, რომლის ადგილმდებარეობაც თავდაპირველად გამოთვლით განისაზღვრა და მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდა ტელესკოპებით.
„ერთადერთი განსხვავება ნეპტუნსა (მის აღმოჩენას) და ჩვენს ვითარებას შორის ისაა, რომ, როდესაც ლევერიემ (ნეპტუნისაღმომჩენი) თავისი გათვლები დაიწყო, ურანის მთელი ორბიტის შესახებ მონაცემები უკვე არსებობდა. მას ჰქონდა მზის სისტემის „კინოს მაგვარი“, ხოლო ჩვენ „ფოტოგრაფიის მაგვარი“ გვაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მონაცემები კოიპერის სარტყლის ობიექტების სრული ორბიტების შესახებ. ამის გამო მხოლოდ ორბიტაზე ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ და არ შეგვიძლია ვივარაუდოთ ადგილი ორბიტაზე, სადაც „პლანეტა 9“ იმყოფება“, — განმარტა ბატიგინმა.
მეცნიერთა ვარაუდით, ახალი პლანეტა მზისგან მისი უზარმაზარი დაშორების გამო ვერ აღმოაჩინეს. მათი გათვლებით, „პლანეტა 9“ მზეს არა უმეტეს 200 ასტრონომიული ერთეულით (30 მილიარდი კილომეტრით — 200-ჯერ შორს, ვიდრე დედამიწა — მზისგან) უახლოვდება. ამასთან, პლანეტის ორბიტის ყველაზე დაშორებული წერტილი 1200 ასტრონომიულ ერთეულზე (180 მილიარდი კილომეტრი) შეიძლება იმყოფებოდეს.