სიყვარულით - თბილისიდან

© photo: Sputnikსოფი პოტიე
სოფი პოტიე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არც თუ ისე შორეულ წარსულში თბილისი მისთვის სრულიად უცნობი ქალაქი იყო, რომლის შესახებ არც კი სმენია… დღეს კი, როგორც თვითონ ამბობს, უკვე ქართულიც აითვისა, აქაური ცხოვრების წესებსაც შეეჩვია, იპოვა თავისი სიყვარულიც და ყველაფერი ის, რაც საფრანგეთში ძალიან აკლდა…

25 წლის სოფი პოტიე ნანტიდან, რომელიც 4 წლის წინ  საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდა, ახლა თბილისს საკუთარ სახლად აღიქვამს  და, რაც მთავარია, თავს აქ თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს.

— პირველად საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი — მეგობარს ჩამოვყევი, რომელსაც საკუთარი პროექტები უნდა განეხორციელებინა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მანამდე საქართველოზე პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი და ამან უფრო მიბიძგა, ჩამოვსულიყავი და ჩემთვის რაიმე ახალი აღმომეჩინა. ეხლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ სურვილმა კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება…

მუსტაფა შალამი, ერაყელი მზარეული - Sputnik საქართველო
აქ ბედნიერი და, რაც მთავარია, თავისუფალი ვარ

თბილისით ჩამოსვლისთანავე მოვიხიბლე. რაღაც საოცარი სითბო და თავისუფლება ვიგრძენი, მაგრამ, სამწუხაროდ, დროში იმდენად შეზღუდული ვიყავი, რომ  ქალაქის ნორმალურად დათვალიერებაც კი ვერ მოვახერხე (აღარაფერს ვამბობ საქართველოს რეგიონებზე, რომელიც, როგორც აღმჩნდა, ასევე ძალიან ლამაზი, საინტერესო და თვითმყოფადია).

საფრანგეთში დაბრუნებისას რაღაც უკმარისობის გრძნობა  დამეუფლა და  საქართველოში გამგზავრების სურვილი არ მასვენებდა… ერთ დღესაც მტკიცედ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი, ოღონდ ამჯერად უკვე არა როგორც რიგითი ტურისტი — რამოდენიმე დღით, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც საფუძვლიანად უნდა გაეცნო და შეესწავლა ქართული ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ყოფა, ადამიანები…

ჩამოვედი ჩემს  მეგობართან ერთად, გვინდოდა რამოდენიმე არტ-პროექტის განხორციელება. ძალაინ აქტიურად ჩავებით ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, დავდიოდით გამოფენებზე, კონცერტებზე, ფესტივალებზე…  გავიგეთ, რომ ოდესღაც თბილისს პატარა პარიზს ეძახდნენ… სხვათა შორის, პირველივე დღეებში მსგავსებაც კი ვიპოვე  -  კერძოდ, ქართულ და ფრანგულ სამზარეულოებში.  აღმოჩნდა,  რომ  აჯაფსანდალი საოცრად ჰგავს ფრანგულ  რატატუის! კერძები ვახსენე და არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ქართული სამზარეულოთი. როგორც გავიგე,  ჩემი არ იყოს, უამრავი აქ ჩამოსული უცხოელი აღნიშნავს, რომ ასეთი  გემრიელი კერძები იშვიათად თუ შეხვედრია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში…

© Sputnikსოფი პოტიე
სოფი პოტიე - Sputnik საქართველო
სოფი პოტიე

მახსოვს, პირველად ქართული ფოლკლორის ფესტივალს რომ დავესწარი, ისეთი ძლიერი ემოცია დამეუფლა,  ლამის მეტყველების უნარი დავკარგე… ერთადერთი სიტყვა, რომელიც შევძელი მეთქვა, იყო „საოცრება“!  ალბათ, ნიშანდობლივია, რომ  სწორედ იმ დღეს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და  თბილისი ჩემთვის სიყვარულის ქალაქად იქცა…

დროთა განმავლობაში, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში სიმღერა, საერთოდ,  ცალკე თემაა! არაერთხელ შევსწრებივარ ქუჩაში, რესტორანში  ან თუნდაც, სადმე პარკში იმას, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა  ერთად  სპონტანურად იწყებს სიმღერას. მგონი, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ არაპროფესიონალებს, ასე მოუმზადებლად  და, ამავე დროს, ოსტატურად შეასრულონ პილოფონიური ხალხური ნაწარმოები… 

მაკს ლიუტო, ფრანგი მოგზაური - Sputnik საქართველო
ავტოსტოპით თბილისამდე ანუ პარიზელი მებაღის ნოსტალგია

ახლა, როდესაც, ფაქტობრივად, თბილისის მცხოვრები ვარ — ბინა ვიქირავე,  მუშაობა დავიწყე (ბარმენი ვარ) — და სტუმრობა ყოველდღიურობამ შეცვალა, აქაურობას უკვე სხვა კუთხითაც ვუყურებ  და თავი აქამდე შუმჩნეველმა დეტალებმა იჩინა. პირველი, რაც ჩემთვის, ასე თუ ისე, დისკომფორტად  იქცა, ველოსიპედისთვის  სპეციალური ბილიკების არარსებობაა. საფრანგეთში სულ ველოსიპედით დავდიოდი, ვინაიდან იქ ეს ძალიან გავრცელებული ტრანსპორტია. საქართველოში კი ექსტრემალურ სპორტად შეიძლება მოგეჩვენოს, რადგან მოძრაობისას ავტომობილის მძღოლები ხშირად ვერც კი გამჩნევენ, ანდა თუ შეგამჩნიეს, დაბნეულები გიყურებენ და არ იციან,  გაგატარონ თუ არა…  

© Sputnikსოფი პოტიე
სოფი პოტიე - Sputnik საქართველო
სოფი პოტიე

ამისდა მიუხედავად, ადგილობრივ სატრანსპორტო სისტემას თავისი უნიკალური ხიბლიც გააჩნია — ვგულისხმობ, პირველ რიგში, “მარშრუტკებს”.  ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მძღოლისთვის შემეძლო მეთხოვა, გაეჩერებინა ზუსტად იმ ადგილას,  სადაც  მსურდა… აქ ყოფნისას  “მარშრუტკა”  ჩემთვის დიდ აღმოჩენად იქცა. როდესაც ჩემი მშობლები თბილისში მესტუმრნენ, ისინიც გაოგნებულები დარჩნენ — ასეთი რამ  საფრანგეთში სრულიად წარმოუდგენელია…წარმოუდგენელია ის სპონტანურობა, რომელიც ქართველებს  ერთობ  ახასიათებთ.  მათი დღის განრიგი ძალიან  სწრაფად იცვლება და არასდროს  იცი წინასწარ, რას უნდა ელოდო დღის განმავლობაში. თავიდან  ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, როდესაც აქაურ  მეგობრებთან ერთად სადმე კონკრეტულ ადგილას წასვლა გვქონდა დაგეგმილი და შემდეგ, გზაში ვინმე ნაცნობი გვხდებოდა და ჩვენი მარშრუტიც უცებ იცვლებოდა…  ამიტომ, როდესაც რომელიმე ფრანგი მეგობარი მირეკავს  და მეუბნება, რომ თბილისში ჩამოსვლა უნდა და მთხოვს, წინსასწარ გავწეროთ  - როდის, სად და რისი ნახვა შეგვიძლია, ყოველთვის ვპასუხობ,  ჯერ ჩამოდი და ადგილზე გადავყწვეტ-თქო. საფნარგეთში კი ასეთი რამ, პრაქტიკულად, გამორიცხულია — იქ კვირის ყოველი დღე წინასწარ  გაქვს გაწერილი…

ამბობენ,  ადამიანის სახლი იქაა, სადაც ის თავს კარგად გრძნობსო… არც ერთი წუთით არ ვნანობ, რომ საქართველოში ვცხოვრობ! თბილისი კი… რა გითხრათ? თბილისი — მიყვარს!

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0