თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს ზაქარია ფალიშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ საზეიმოდ გაიხსნა. „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი ასრულებენ.
თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ დასწრებია. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრში საპრეზიდენტო ლოჟა აღარ არსებობს. პრეზიდენტი მარგველაშვილი „აბესალომ და ეთერის“ პრემიერას ხვალ, რიგითი მოქალაქეებთან ერთად დაესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე ოფიციალურად მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ექსპრემიერები — ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, საზეიმო ცერემონიას არცერთი დასწრებია. ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მხოლოდ ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სპექტაკლ „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო განმეორებითი წარმოდგენა, რომელიც ასევე 31 იანვარს გაიმართება, გამოჩენილ ქართველ მომღერალ მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება.ამავე დღეს ოპერის თეატრის შენობის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
„აბესალომ და ეთერს“ განახლებულ თეატრში ასევე 2 და 21 თებერვალს წარმოადგენენ.
საქართველოში უდიდესი მუსიკალური თეატრი — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაფუძნდა, თუმცა 1874 წელს თეატრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რამაც ის მთლიანად გაანადგურა. თეატრმა მუშაობა 1896 წელს ახალ შენობაში განაგრძო. სეზონი გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“ გაიხსნა.
თეატრს 1937 წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.
ოპერის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. სარესტავრაციო პროცესს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა.