თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის საზეიმო კვირეული იწყება

© Министерство культурыთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ზაქარია ფალიშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებები, რომელიც ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება, კვირის განმავლობაში გაიმართება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა კვირის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ზაქარია ფალიშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ საზეიმოდ გაიხსნება. დამდგმელი რეჟისორია გიზო ჟორდანია. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი შეასრულებენ.
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში 25 იანვარს მოეწყობა  წიგნის „ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ პრეზენტაცია; 27 იანვარს ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის — „შედევრის გაცოცხლება“ — პრეზენტაცია, რომელიც გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი ორიგინალური ესკიზის მიხედვით აღადგინეს.

გარდა ამისა, 26 იანვარს გაიმართება ფოტოგამოფენა „ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოფენა რეაბილიტაციამდე და შემდეგ“. საზეიმო კვირეულის სტუმრებს ასევე ელოდებათ თეატრის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები.
სპექტაკლ „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო წარმოდგენა, რომელიც ასევე 31 იანვარს გაიმართება, გამოჩენილ ქართველ მომღერალ მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს ოპერის თეატრის შენობის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. „აბესალომ და ეთერს“ განახლებულ თეატრში ასევე 2 და 21 თებერვალს წარმოადგენენ.

საქართველოში უდიდესი მუსიკალური თეატრი — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაფუძნდა, თუმცა 1874 წელს თეატრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რამაც ის მთლიანად გაანადგურა. თეატრმა მუშაობა 1896 წელს ახალ შენობაში განაგრძო. სეზონი გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“ გაიხსნა.

თეატრს 1937 წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.

ოპერის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. სარესტავრაციო პროცესს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0