თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურები პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს. ლავროვის სიტყვებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ამ ტერიტორიას ტერორისტების მოსამზადებლად იყენებს.
„მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ პანკისში არსებულ ვითარებას. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, — განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მანამდე ლავროვის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ „პანკისის ტერიტორიაზე ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს“.
საქართველოს ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50-მდე ქართველი მონაწილეობს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი, საქართველოს მკვიდრია, რომლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.