თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ლგბტ პირების უფლებადამცველმა გიორგი ტატიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოდან ერთსქესიანთა ქორწილების დაკანონების შესახებ სარჩელის გამოწვევას აიძულებენ.
მანამდე ტატიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი (ქორწინება — ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირია ოჯახის შექმნის მიზნით) არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლს (ქორწინება, როგორც ნებაყოფილობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას).
„საქართველოს მთავრობის აპარატიდან სატელეფონო ზარები ხორციელდება და მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გამოვიწვიო. ეს ზეწოლაა და ძალზე დასანანია, რომ საქართველოს მთავრობა მსგავს ქმედებებს ახორციელებს“, — განაცხადა ტატიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტატიშვილმა მისი მისამართით სოციალურ ქსელებში გაკეთებულ განცხადებას — თითქოს მან სპეციალურად წინასაარჩევნოდ შეიტანა სარჩელი — უპასუხა და აღნიშნა, რომ „არჩევნებთან არანაირი კავშირი არ მაქვს“.
ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა ასევე განმარტა, რომ ის მართლმადიდებელია, თუმცა, ეს უმცირესობათა უფლებების დაცვაში ხელს არ უშლის.
„ჩემი რელიგიისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა და არც შეიცვლება… რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, ის მკაცრი და ნეგატიური იქნება, რასაც მე ვერ გავიზიარებ“, — აღნიშნა ტატიშვილმა.
გარდა ამისა, ტატიშვილი ამტკიცებს, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ, მას დაემუქრნენ, ამიტომ იგი საქართველოს პრეზიდენტს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას თხოვს.
უახლოეს დროში, იგი აპირებს ასევე სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მოთხოვნით, რომ ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მისცენ.