თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოსთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინების არ მხოლოდ დაკანონება, არამედ ამ საკითხის განხილვაც კი, — მიაჩნია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეს.
ლგბტ პირთა უფლებების დამცველი, ადვოკატი გიორგი ტატიშვილი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს, რისთვისაც სარჩელიც კი შეიტანა საკონსტიტუციო სასამრთლოში.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ უნდა იდევნებოდნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, პირიქით, ჩვენ მათ უნდა მივცეთ განვითარების, საზოგადოებაში ნორმალურად ყოფნის საშუალება. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით არათუ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებას ქვეყანაში, არამედ ამ საკითხის განხილვასაც კი“, — განაცხადა ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე.
ტატიშვილის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი (ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია) არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლს (ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას).