თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშხაბადი შესაძლოა დათმობებზე წავიდეს და უსაფრთხოებაზე კონტროლის სფეროში რუსეთის მონაწილეობა მოსკოვის მიერ თურქმენული გაზის კვლავ შესყიდვის სანაცვლოდ დაუშვას, – განუცხადა Sputnik–ს ექსპერტმა შუა აზიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ალექსანდრ კნიაზევმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქმენეთში იმყოფება. ვიზიტის მიზანი ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხების განხილვაა. მოლაპარაკებებისას ერთ–ერთი ძირითადი თემა „ავღანეთის საკითხი“ იქნება.
„ლავროვის აშხაბადში ვიზიტისას საკითხთა ორი ბლოკი იქნება განხილული, რომლებიც ყოველთვის იყო მთავარი ორმხრივ ურთიერთობებში. ესენია: უსაფრთხოების სფეროში შესაძლო თანამშრომლობა და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები. ეს უკანასკნელი, უპირველესად მოიცავს ენერგეტიკის სფეროსა და ასევე რუსეთის გაზის კომპანიების მიერ თურქმენული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ორივე საკმაოდ მტკივნეული საკითხია“, — მიაჩნია კნიაზევს.
დღეს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, პრაქტიკულად, არ არსებობს, – ამბობს ექსპერტი. 1999 წელს თურქმენეთიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ოპერატიული ჯგუფი გაიწვიეს, რომელიც იქ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რჩებოდა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთთან თანამშრომლობის კუთხით, თურქმენეთი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დგას. იმგვარი ცნებები, როგორებიცაა სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობა — არ არსებობს.
„სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით აშხაბადი უკვე მრავალი წელია ორიენტირებულია უკრაინის, თურქეთისა და სხვა, კიდევ უფრო დაშორებული ქვეყნების სამხედრო–სამრეწველო კომპლექსებზე, ოღონდ არა რუსეთზე“, — აღნიშნავს ექსპერტი.
უფრო მეტიც, ქვეყანა არცერთი პოსტსაბჭოთა გაერთიანების წევრი არ არის, თვით ყველაზე „ამორფულ“ გაერთიანებაშიც კი — როგორც მას კნიაზევი უწოდებს —დსთ–ში თურქმენეთი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შედის. თურქმენეთის ძალოვან სტრუქტურათა სპეციფიკა კი, საზღვრის დაცვის სამსახურის ჩათვლით, ნეიტრალიტეტის სტატუსითა და თავად თურქმენეთის პოლიტიკური რეჟიმის თავისებურებებითაა შეკრული.
ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში თურქმენეთმა დაამტკიცა სამხედრო დოქტრინა, რომლის თანახმადაც შესამჩნევად შემცირდა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა. დოქტრინა ამბობს, რომ სახელმწიფოს ძირითადი საფრთხეები მომდინარეობს არა გარედან, არამედ ქვეყნის შიგნიდან. ამიტომაც მთელი ამ წლების განმავლობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირება მხოლოდ პრეზიდენტის პირადი დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გაძლიერებისა და მათი როლების გაზრდის მიზნით ხდებოდა. შსს–მ და მისმა ქვედანაყოფებმა, ასევე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, საბჭოთა მილიციისა და „კა–გე–ბეს“ სტრუქტურები შეინარჩუნეს. ისინი სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ დანაშაულებთან ბრძოლაზე კონცენტრირდებიან. საგარეო საფრთხეების თავიდან აცილების კუთხით, თურქმენეთი, განსაკუთრებით სახმელეთო საზღვრებზე, უკიდურესად მოწყვლადია.
ვინ შეიძენს გაზს?
კნიაზევის თქმით, ძალია ცუდადაა საქმე გაზის სფეროშიც. ევროპაში და ზოგადად გაზის ბაზრების შევიწროების კვალდაკვალ, „გაზპრომს“ არა ესაჭიროება თურქმენული გაზი. ამიტომ უკვე მრავალი წელია, რაც მისი შესყიდვა დინამიურად მცირდება.
ასე მაგალითად, გასული წლის იანვარში, სერგეი ლავროვმა, აშხაბადში წინა ვიზიტისას, განაცხადა, რომ მანამდე დაგეგმილი 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ნაცვლად მხოლოდ 4 მლრდ–ს შესყიდვა მოხდებოდა. ხოლო 2016 წლის იანვრის შუა რიცხვებში თურქმენულ მხარეს შესყიდვების სრულად შეწყვეტის განზრახვის თაობაზე აუწყა.
ასე რომ, თურქმენეთს დღეს ძალიან სჭირდება რაღაც ახალი მიმართულება გაზის ექსპორტში. ბუნებრივი აირის ლომის წილს ჩინეთი ყიდულობს (ექსპორტის 61%), თუმცა პეკინი პრაქტიკულად არ იხდის „ცოცხალ ფულს“, ვინაიდან გაზით ის კრედიტები იფარება, რომლებიც საბადოების დამუშავებასა და გაზსადენების აგებას მოხმარდა.
ირანს კი სჭირდება თურქმენული გაზი, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით — დაახლოებით 5 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში — ირანის ჩრდილო–დასავლეთი პროვინციებისთვის, ვინაიდან ქვეყანა თავად გახლავთ გაზის „დერჟავა“.
მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება ევროკავშირის მიერ აშხაბადისთვის თავსმოხვეული ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი, — მიაჩნია ექსპერტს. ასე რომ, ერთადერთი პოტენციური და სერიოზული მყიდველი — ეს რუსეთია. სავარაუდოდ, სწორედ „რუსი მყიდველის“ დაბრუნების მცდელობას უკავშირდება „თურქმენგაზის“ ხელმძღვანელობის ამასწინანდელი განცხადება, რომ ისინი მზად არიან დაუბრუნდნენ რუსეთის მიერ წარსულში ინიცირებულ, თუმცა დავიწყებას მიცემულ, კასპიისპირეთის გაზსადენის პროექტს.
საფრთხე მატულობს
კნიაზევის თქმით, მოსკოვისთვის ავღანეთიდან გამომდინარე სერიოზული საფრთხის ფონზე, სწორედ საკითხთა პირველი — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბლოკია მნიშვნელოვანი.
თურქმენეთი, ისევე როგორც უზბეკეთი, არ გახლავთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. მაგრამ თუ უზბეკეთსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე საბაზისო სტრატეგიული შეთანხმება მაინც არსებობს (რომლის საფუძველზეც სამხედრო სფეროში საკმაოდ ინტენსიური დიალოგი ვითარდება მოსკოვსა და ტაშკენტს შორის), აშხაბადთან ასეთი ურთიერთქმედებაც კი არ არსებობს.
რუსეთისთვის კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, — დარწმუნებულია კნიაზევი.
„არსებობს შედარებით ღია სახმელეთო საზღვარი თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის, რომელიც რუსეთთან საერთო სივრცეში მდებარეობს, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არსებობს კასპიის ზღვაზე უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა“, — აღნიშნავს ექსპერტი.
ამავდროულად, თურქმენეთი რეგიონის ის ქვეყანაა, რომელიც მეტნაკლებად სარისკო ზონაში მდებარეობს, გამომდინარე ავღანეთში მიმდინარე პროცესებიდან. დაწყებული 2014 წლის მაისიდან, თურქმენეთის საზღვარზე პრაქტიკულად გამუდმებით მიმდინარეობს გეოპოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საომარი შეტაკებები. ავღანეთში ჩამოყალიბდა მსხვილი სამხედრო დაჯგუფებები, რომელთა შორის ყველაზე მეტად საშიში ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური თურქმენებისგან ფორმირებული დაჯგუფებებია. მათ შორის მრავლად არიან მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებსაც საბჭოთა ისტორიოგრაფია „ბასმაჩებად“ იხსენიებდა. ეს მთელი რიგი გავლენიანი თურქმენული ტომობრივი კლანებია, რომლებიც 1930 წელს გაერიდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. ბოლო წლებში „საგვარეულო მიწების“ რესტიტუციაზე მათი პრეტენზიები უკვე არაერთხელ გაჟღერდა. სწორედ ამ საგვარეულოების წარმომადგენლები არიან პირდაპირ კავშირში თურქმენ თალიბებთან“.
აღსანიშნავია სხვაც: გაზით მდიდარი ორი ყველაზე დიდი მოედანი სწორედ იმ ტერიტორიებზე აღმოჩნდა, რომლებზე პრეტენზიაც აქვთ თურქმენ თალიბებს. სწორედ ამ საბადოებიდან გადის ექსპორტზე ირანსა და ჩინეთში ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
კნიაზევი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით არსებული არცთუ მშვიდი ვითარებაც ემატება. გასული წლის მაისში მღელვარება დაიწყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, ხოლო შემოდგომაზე ავღანეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქმენულმა დაჯგუფებებმა იარაღის არალეგალური ტრაფიკი წამოიწყეს. ექსპერტის თქმით, დაძაბული რეგიონები შიდატომობრივი სირთულეებითაცაა ცნობილი.
კნიაზევი დარწმუნებულია, რომ დღეს თურქმენეთს ჰაერივით ესაჭიროება ვიღაცის დახმარება სამხედრო სფეროში, სულ მცირე, გარესაზღვრების დაცვაში მაინც, ვინაიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
ნეიტრალიტეტი თუ სტაბილურობა?
აშხაბადი მეკავშირის არჩევანში ფრიად შეზღუდულია. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამერიკული დახმარება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება: ეს ნეიტრალიტეტის დოქტრინაზე უარის თქმა და მთელი საგარეო პოლიტიკის გადაფორმატირებაა. ჩინეთი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში ჩაურევლობას ამჯობინებს. „თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის ურთიერთდახმარების თაობაზე გარკვეული შეთანხმებები არსებობს, მაგრამ უზბეკეთს მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა ძალუძს და არა ვინმესთვის მუდმივი და ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევა. და კვლავ მხოლოდ რუსეთის მიმართულება რჩება“, — ასკვნის ექსპერტი.
„ახლა აშხაბადი კრიტიკულად სერიოზული არჩევნის წინაშე დგას. ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც მას შეუძლია წავიდეს და რომლის გატარებასაც რუსეთიც შეეცდება, ის იქნება, რომ გაზის შესყიდვები რაღაც ასანაზღაურებელ მონეტად გადააქციოს. თუ თურქმენეთი მოსკოვს უსაფრთხოების კონტროლის სფეროში მონაწილეობის მისაღებად ჩართავს, მაშინ მოსკოვს შეუძლია გონივრული მოცულობით აღადგინოს თურქმენული გაზის შესყიდვები“, — მიაჩნია ექსპერტს.
კნიაზევის განმარტებით, ლავროვის ვიზიტის დღის წესრიგში სხვა საკითხებიცაა, მაგრამ ეს ისეთი მორიგე თემებია, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა არ ენიჭება. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, წავა თუ არა თურქმენეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე და დაუშვებს თუ არა რუსეთის შესაბამის სტრუქტურების წვდომას იმ ინფორმაციებზე, რომელთან დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც თურქმენეთის, ისე რუსეთისა და მისი მოკავშირეებისათვის.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.