პუტინი: ტერორიზმს ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს

გამოწერა
ეს იმითაც რთულდება, რომ მსოფლიოში საზღვრები, ფაქტობრივად, გახსნილია და ამასთან ერთად, მიმდინარეობს ხალხების გადასახლების პროცესი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტერორიზმი მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალებით ვერ დამარცხდება, მით უმეტეს, ხალხთა გადასახლების მიმდინარე პროცესისა და მთელ მსოფლიოში გახსნილი საზღვრების პირობებში, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი ყოველწლიური მიმართვისას.

„შეუძლებელია საერთაშორისო ტერორიზმი ერთი ქვეყნის ძალებით დაამარცხო, თანაც იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში საზღვრები, ფაქტობრივად, ღიაა,  მიმდინარეობს ხალხთა ახალი გადასახლება, ხოლო ტერორისტებს არ უწყდებათ დაფინანსების წყარო“, — განაცხადა პუტინმა მიმართვაში. 

რუსეთი ვალდებულია, ტერორისტებს შორ მანძილზეც მისწვდეს და გაანადგუროს ისინი.

„განსაკუთრებულ საშიშროებას ჩვენთვის წარმოადგენენ ბოევიკები, რომლებიც სირიაში არიან თავმოყრილნი. მათში ბევრია რუსეთიდან და დსთ–ის ქვეყნებიდან წასულიც. ისინი იღებენ ფულს, იარაღს, იკრებენ ძალებს და თუ გაძლიერდებიან, გაიმარჯვებენ იქ და მერე აღმოჩნდებიან ჩვენთანაც, რათა დათესონ გულგატეხილობა და სიძულვილი, ააფეთქონ, მოკლან, აწამონ ადამიანები. და ჩვენ ვალდებულნი ვართ, შორ მანძილზეც მივწვდეთ და გავანადგუროთ ისინი. აი, რატომ გადავწყვიტეთ საომარი ოპერაციის დაწყება სირიის კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალური მიმართვის საფუძველზე“, — განაცხადა პუტინმა.

რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავ სთავაზობს ანტიტერორისტული ფრონტის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იმოქმედებს, — განაცხადა პრეზიდენტმა.

„დღეს კვლავ პირისპირ შევხვდით დამანგრეველ ბარბაროსულ იდეოლოგიას და უფლება არ გვაქვს, დავუშვათ, რომ ახლად მოვლენილმა დემონურმა ძალებმა მიზანს მიაღწიონ. გვერდზე უნდა გადავდოთ ყველა დავა, აზრთა სხვადასხვაობა, შევქმნათ ერთი ძლიერი მუშტი, ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტი, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით იმოქმედებს“, — განაცხადა მან.

პუტინის განცხადებით, „ახლა თითოეული ცივილიზებული სახელმწიფო ვალდებულია, ტერორიზმის განადგურებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“. 


ყველა ახალი ამბავი
0