თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას ფართო კოალიციის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რომლის წყალობითაც სირიასა და ერაყში რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება შესაძლებელი გახდება, იუწყება სამშაბათს სააგენტო „სპუტნიკი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო თანამეგობრობას ისლამური ქვეყნების მონაწილეობით ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. რუსეთმა, ირანმა, ერაყმა და სირიამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოორდინირებისთვის, ბაღდადში საერთო საინფორმაციო ცენტრი შექმნეს. ამ ცენტრის ძირითადი ფუნქციები იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოევიკებთან ბრძოლის კონტექსტში, არსებული მდგომარეობის შესახებ მიმდინარე მონაცემების შეგროვება, დამუშავება, განზოგადება და ანალიზი, ინფორმაციის გადანაწილება დანიშნულებისამებრ და მითითებული ქვეყნების გენერალური შტაბებისთვის ოპერატიული მიწოდება.
„პუტინი მართალია იმაში, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართო კოალიციის შექმნა აუცილებელია და მასში, გაეროს მხრიდან მოწონების მიღებისთვის, მუსულმანურმა ქვეყნებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ“, — განუცხადა სააგენტო „სპუტნიკს“ წიგნების გამომცემელმა Just World Books ჰელენა კობანმა (Helena Cobban).
„ბოლო 14 წლის განმავლობაში ვაშინგტონი მიეჩვია, რომ თითოეული კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ სამხედრო მოქმედებებში დაინახოს. ვხვდები, რომ თუ თქვენი ერთადერთი იარაღი ჩაქუჩია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი ლურსმნად მოგეჩვენებათ“, — განაცხადა კობანმა.
სირიის მთავრობის მხარდაჭერით რუსეთის პრეზიდენტი რუსეთსა და სირიას შორის მრავალწლიანი კავშირების შენარჩუნებისკენ ისწრაფვოდა, მიიჩნევს კანადის კუნძულ პრინცის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ედუარდ ჰენრი სრებნიკი.
„ბევრმა იცის, რომ საბჭოთა კავშირსა და სირიას შორის მრავალწლიანი ურთიერთობები იყო. გარდა ამისა, რუსეთის ერთადერთი ბაზა ხმელთაშუა ზღვაში სირიის პორტ ტარტუსშია განთავსებული. ამგვარად, ის ვითარება, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში სირიას ეხმარება, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს“, — განაცხადა სრებნიკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დახმარება ირანისა და ერაყისთვისაც აუცილებელია.
ექსპერტის აზრით, რუსეთის პოზიცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის ფართო მასშტაბის კოალიციის შექმნის შესახებ, აშშ-ში აღტაცებას არ იწვევს, თუმცა, აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული კოალიციის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში წარუმატებლობის გათვალისწინებით, მათ მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგ წასვლა უჭირთ.
არაკომერციული ორგანიზაციის Institute for Research Middle East Policy დირექტორი გრანტ სმიტი (Grant Smith) მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისადმი რუსეთის დამოკიდებულება, რომელზეც პუტინმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, უფრო კონსტრუქციული და რეალურია, ვიდრე ბარაკ ობამას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჩანაცვლებისკენ მოწოდებები. „პუტინმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ბევრად უფრო რეალისტური ტრადიციული მოსაზრება გამოხატა, რომელსაც ამერიკელი სტრატეგები და ექსპერტები დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდნენ“, — განაცხადა სმიტმა სააგენტო „სპუტნიკთან“ საუბრისას.
მთლიანობაში, ექსპერტმა დაასკვნა, რომ პუტინის სიტყვა „საინტერესო და პროდუქტიული“ იყო მაშინ, როდესაც ობამას გამოსვლას აუდიტორია გარკვეული შეშფოთებით შეეგება, რაც ძალის ცალმხრივად გამოყენების შესაძლებლობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მხრივ შეშფოთების აღიარებაზე უარის თქმით იყო გამოწვეული.