თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების პოლემიკა, როგორც დაუსწრებელი, ისე პირისპირ შეხვედრისას, გაეროს საიუბილეო 70–ე გენერალური ასამბლეის პირველი კვირის ერთ–ერთ უმთავრეს მოვლენად იქცა.
ზუსტად ერთი წლის წინ ამავე ტრიბუნიდან წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ რუსეთი ისეთ გლობალურ საფრთხეებს გაუტოლა, როგორებიცაა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლმაური სახელმწიფო“ და ებოლას ცხელება. ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი მეტად თავშეკავებული გახლდათ შეფასებებში, თუმცა, უთანხმოება მაინც არ დაიმალა. ოღონდ შარშანდელი გენერალური ასამბლეისგან განსხვავებით, პუტინმა ამჯერად პირადად უპასუხა ოპონენტს — როგორც საკუთარ სიტყვაში, ისე ორმხრივ შეხვედრაზე.
უკრაინა და სანქციები
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სიტყვები, რომლებიც მათ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოთქვეს, ბევრ რამეში დაემთხვა ერთმანეთს, ოღონდ არა შეფასებებსა და მოსაზრებებში, არამედ თემების შერჩევაში.
მაგალითად, ორივემ ისაუბრა უკრაინაზე. ობამამ, ჩვეულებისამებრ, რუსეთი დაადანაშაულა ამ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაში. „ჩვენ გვესმის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ღრმა და რთული ისტორიული ურთიერთობები არსებობს, მაგრამ ჩვებ ვერ მივიღებთ რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას“, — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ობამას თქმით, სწორედ ამიტომ გახდნენ აშშ და მისი მოკავშირეები იძულებულნი, რომ ანტირუსული სანქციები დაეწესებინათ. „და არა იმიტომ, რომ ცივი ომის ეპოქაში დაბრუნება გვსურს“, — ხაზი გაუსვა ობამამ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ისწრაფვის რუსეთის იზოლაციისკენ. „ჩვენ გვსურს, რომ რუსეთი იყოს ძლიერი, რომ მან ჩვენთან ერთად განამტკიცოს საერთაშორისო სისტემა“, — აღნიშნა აშშ–ის ლიდერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, უკრაინაში არსებულ კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულა.
„თავდაპირველად ნატოს გაფართოების ხაზი შემოგვთავაზეს. გეკითხებით, რისთვის? შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნები არჩევანის წინაშე დააყენეს: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი? ადრე თუ გვიან ასეთ კონფრონტაციულ ლოგიკას უნდა მოჰყოლოდა სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი. სწორედ ეს მოხდა უკრაინაში, სადაც მოქმედმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიყენა და ქვეყნის გარედან შეიარაღებული გადატრიალების პროვოცირება მოახდინა. ამის შედეგად იფეთქა სამოქალაქო ომმა“, — თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი სანქციების თემასაც შეეხო, რომლებიც, მისი აზრით, სულაც არ წესდება ისეთი კეთილშობილური მიზნით, როგორც ამას აშშ აცხადებს. „დღეისათვის ლამის ნორმად იქცა გაეროს წესდების გვერდის ავლით ცალმხრივი სანქციების დაწესება. ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით კი არაა ნაკარნახევი, არამედ ბაზრიდან კონკურენტების გაძევებასაც ემსახურება“, — მიაჩნია პუტინს.
სხვათა შორის, უკრაინის დელეგაციას — პრეზიდენტ პოროშენკოს ხელმძღვანელობით, ეს სიტყვები არ გაუგონია. უკრაინის წარმომადგენლებმა არჩიეს არ დასწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. თუმცა, პუტინს ეს არ სწყენია: „არ შემიმჩნევია, თუ უკრაინის პრეზიდენტი ჩემს სიტყვას არ ესწრებოდა“, — განაცხადა მან. „პრინციპში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ უკლებლივ ყველა დასწრებოდა, მით უმეტეს, ვისაც არ აინტერესებდა“, — დაამატა პუტინმა.
ასადი — დიქტატორი თუ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი
პრეზიდენტების მოსაზრებები არც სირიის საკითხში დაემთხვა. არადა მათ გამოსვლამდე ეს საკითხი ისეთ თემად მიიჩნეოდა, რომელსაც რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობების გაუმჯობესება შეეძლო. მაგრამ სერიოზული წინსვლა არ მომხდარა. უთანხმოებას, როგორც მანამდე, ახლაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ბედის საკითხი იწვევს. ბოლო დროს გაჩნდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა, აშშ–ის მეთაურობით, შესაძლოა გადახედოს საკუთარ პოზიციას სირიის ლიდერის დაუყოვნებლივ გადადგომის თაობაზე და გადაწყვიტოს, რომ მასთან სალაპარაკოდ მზად არის. მაგრამ ობამამ ეს იმედები, ფაქტობრივად, დაასამარა.
მან ასადი ტირანად მონათლა, „რომელიც ბომბავს და ხოცავს უდანაშაულო ბავშვებს“, დიქტატორად, რომელმაც „ასობით ათასი სიცოცხლე მოსპო“. ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან არაფერია სალაპარაკო. „რეალიზმი მოითხოვს, რომ ხელისუფლება მართულად გადავიდეს ასადიდან ახალ ლიდერსა და ინკლუზიურ მთავრობაზე, რომელიც აცნობიერებს, რომ ამ ქაოსს წერტილი უნდა დაესვას“, — დარწმუნებულია ობამა.
აი პუტინი კი, პირიქით, ვარაუდობს, რომ ასადს მხარი უნდა დაუჭირონ. „უკიდურესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ლიბიაში სახელმწიფო სტრუქტურების აღდგენაში დახმარება, ერაყის ახალი მთავრობისთვის მხარდაჭერა, სირიის კანონიერი მთავრობისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
მან განმარტა, რომ დამასკოსთვის მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რეალურად მხოლოდ ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები და ქურთები იბრძვიან. „სირიის ხელისუფლებასთან, სამთავრობო ძალებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა უდიდეს შეცდომად მიგვაჩნია. ეს ის ძალებია, ვინც მამაცურად, პირისპირ იბრძვის ტერორის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტ ასადის სამთავრობო არმიისა და ასევე ქურთების ლაშქრის გარდა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ რეალურად არავინ იბრძვის“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.
„ისლამური სახელმწიფო“ — როგორც ახალი ლიდერი
რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს ასევე სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ „ისლამური სახელმწიფოს“ ფენომენის წარმოშობის მიზეზებზეც. ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლიდან ნათელი გახდა, რომ უბრალოდ ასე მოხდა. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა და სირიაში არსებული ქაოსიდან წარმოიშვა“.
მაგრამ პუტინი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობის მიზეზებს უფრო პროზაულად ხსნის. „თავად „ისლამური სახელმწიფო“ ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. ის თავიდან არასასურველი საერო რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოზარდეს“, — აღ ნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„პირფერულია და უპასუხისმგებლო საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების შესახებ ხმამაღალი განცხადებებით გამოსვლა და იმავდროულად ტერორიზმის დამფინანსებელ არხებზე თვალის დახუჭვა — როგორებიცაა ნარკობიზნესი, ნავთობითა და იარაღით არალეგალური ვაჭრობა — ან ექსტრემისტული დაჯგუფებებით მანიპულირების მცდელობა და მათი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენება“, — დაამატა პუტინმა.
ამ საფრთხესთან გამკლავება, მისი აზრით, მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით, მხოლოდ ახალი კოალიციის შექმნითაა შესაძლებელი, რომელიც 1940–იანი წლების ანტიჰიტლერული კოალიციის ანალოგი იქნებოდა. „რაც შეეხება მათ („ისლამური სახელმწიფოს“) ნაცისტებთან შედარებას, ვფიქრობ, ეს არავისთვისაა გასაკვირი. ნახეთ, რა მხეცობას სჩადიან ისინი, დაწყებული ადამიანებისთვის თავის მოკვეთით, მათი ცოცხლად დაწვით, მსოფლიო კულტურის ძეგლების განადგურებითა და ასე შემდეგ. ნუთუ ეს პარალელის გავლებას თავად არ მოითხოვს? სწორედ ასე იქცეოდნენ ნაცისტები თავის დროზე“, — მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტს.
ამერიკელი რუსულ ოთახში
მოსაღამოვებულზე რუსეთისა და აშშ–ის ლიდერები პირადად შეხვდნენ ერთმანეთს. პუტინისა და ობამას საუბარი გაეროს, ეგრეთ წოდებულ, რუსულ ოთახში გაიმართა. ეს ოთახი კონსულტაციებისთვის გაიფორმა რუსულმა მხარემ. რუსეთმა ამის უფლება გაეროს სამდივნოსგან მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინის რეკონსტრუქციისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფის გამო მადლიერების ნიშნად მიიღო. პროექტის ავტორი რუსეთის დამსახურებული მხატვარი, არქიტექტორი ალექსანდრ კონოვი გახლავთ, რომელმაც დარბაზის მხატვრულად გასაფორმებლად, ფარდებსა და ხის ნაკეთობებზე, რუსეთის ჩრდილოეთისთვის ტრადიციული მეზენური ორნამენტი გამოიყენა.
ორი ლიდერის შეხვედრა დროში გაიწელა: ის დაგეგმილზე თითქმის ორჯერ მეტ ხანს, დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მხარეებმა, როგორც ყველაფრიდან ჩანდა, ბევრ რამეზე იმსჯელეს. „რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის ძალზე სასარგებლო იყო და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ძალზე გულახდილი“, — აღნიშნა პუტინმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.
თუმცა, გულახდილობის იქით საქმე არ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ირწმუნებოდა, კონსტრუქციული მუშაობისთვის მზად ვართო, კონკრეტული შედეგები არავის გაუხმოვანებია. აი უთანხმოებები კი, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, არსად გამქრალა. „პრინციპში, ისინი ცნობილია და აქ გამეორება აუცილებელი არ არის“, — თქვა მან.
მთლიანობაში, პუტინის თქმით, მოსკოვისა და ვაშნგტონის ურთიერთობები გართულებულია. „რუსეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობები, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზე დგას. ეს ჩემი კომენტარების გარეშეც გასაგებია. მაგრამ ეს ჩვენი ინიციატივა არ გახლავთ, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები ასეთ დონეზე დაშვებულიყო. ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ინიციატივაა. ვფიქრობ, ეს არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიო საქმეებს, მაგრამ ასეთი არჩევანი გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, — განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა ურთიერთობების სრულად აღდგენისა და განვითარებისთვის.
თეთრმა სახლმა, თავის მხრივ დაადასტურა, რომ ობამამ პუტინთან შეხვედრაზე პრეტენზიების სტანდარტული ნაკრები გაახმოვანა. ესენია: ასადის ბედი, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დარეგულირების თაობაზე მინსკის შეთანხმებების შესრულება, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მიმართ დამოკიდებულება.
ერთადერთი, რაზეც ორი ლიდერი შეთანხმდა — ეს რუსეთისა და აშშ–ის სამხედროებს შორის მოლაპარაკებების საკითხია, რითაც სირიაში ჩატარებული პოტენციური სამხედრო ოპერაციებით კონფლიქტები უნდა აღმოიფხვრას.
ჯუნგლების კანონი და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა
რა თქმა უნდა, გენასამბლეაზე ეს დღე მხოლოდ რუსულ–ამერიკული თემატიკით არ შემოიფარგლებოდა. გაეროს ტრიბუნიდან სიტყვები ასევე წარმოთქვეს ჩინეთის, საფრანგეთის, ბრაზილიიის, სამხრეთ კორეისა და პოლონეთის ლიდერებმაც.
ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა, მაგალითად, განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ აქვს პრეტენზია, გახდეს ერთპიროვნული ლიდერი მსოფლიოში. „ჩვენ ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს მშვიდობიან განვითარებას იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ განვითარდება საერთაშორისო ლანდშაფტი და რამდენად ძლიერი გახდება ჩინეთი. ჩვენ არასდროს წავალთ ჰეგემონიის, ექსპანსიის ან გავლენის სფეროების მოზომვის გზით“, — ხაზი გაუსვა მან.
ჩინეთის ლიდერის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უარი უნდა თქვას ცივი ომის დროიდან შემორჩენილ მენტალიტეტზე და ნამდვილად უერთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე გადავიდეს. „ჯუნგლების კანონი“ ნიშნავს, რომ სუსტები უნდა ემორჩილებოდნენ ძლიერებს. ქვეყნებს არ შეუძლიათ ასე მოიქცნენ. ისინი, ვინც ქედმაღლურად იყენებენ ძალას, ფაქტობრივად, იღებენ ქვას, რომელიც ბოლოს თავად დაეცემათ“, — მხატვრული შედარება გამოიყენა სი ცზიპინმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა, ევროპაში ლტოლვილების საკითხი, სირიის კრიზისი. კერძოდ, მან წამოაყენა წინადადება, გაფართოევდეს უშიშროების საბჭო და შეიზღუდოს ვეტოს უფლება.
„საფრანგეთი ისურვებდა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები გამუდმებით არ იყენებდნენ ვეტოს უფლებას მასობრივი მსხვერპლის არსებობის შემთხვევაში. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ არ გამოვიყენოთ ვეტო ასეთ შემთხვევებში“, — თქვა ოლანდმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპა ვალდებულია მიიღოს ლტოლვილები, რომლებიც ბოლო დროს მასიურად მოედინებიან სირიიდან, ლიბიიდან და რეგიონიოს სხვა ქვეყნებიდან. „ევროპა ღებულობს ლტოლვილებს არა მხოლოდ სირიიდან, არამედ ერაყიდან, ერითრიიდან და სუდანიდანაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ევროპა ეფუძნება ღირებულებებს, პრინციპებს, თავშესაფრის უფლებას და მონაწილეობს კიდეც ამ ჩვენ საერთო ბედში, რომელიც აერთიანებს ევროპის ყველა ქვეყანას. ეს ის ევროპა არ არის, რომელიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მან უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს მსოფლიომაც, რათა მიიღოს ლტოლვილები“, — ხაზი გაუსვა ფრანსუა ოლანდმა.