თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველო, კორუფციის ყველაზე დაბალი დონის მიხედვით, რეგიონის ლიდერია, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია TransparencyInternational-ის მოხსენებაში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის“ რეგიონში, სადაც შეყვანილი იყო რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, საშუალო ქულა 33-ია, საქართველომ 2015 წელს 52 ქულა მიიღო.
საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში მსოფლიოს 168 ქვეყანას შორის 48-ე ადგილი დაიკავა. 2014 წელს საქართველო 52 ქულით 51-ე ადგილზე გავიდა. 2013 წელს მაჩვენებელი ოდნავ გაიუმჯობესა და 49 ქულა მიიღო, თუმცა საერთო რეიტინგში 55-ე ადგილი დაიკავა. 2012 წელს ქვეყანამ 52 ქულა აიღო და 50-ე ადგილზე განთავსდა.
„კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, კორუფციის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი 4 ქულით შემცირდა ან გაიზარდა. შესაბამისად, ეს მაჩვენებლები მოწმობს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან რეგრესი არ ყოფილა“, — აღნიშნულია მოხსენებაში.
საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გარდა ამისა, ქვეყნის შედეგი ევროკავშირის რიგი ქვეყნების — უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, საბერძნეთის, იტალიისა და რუმინეთის მაჩვენებლებზე უკეთესია.
ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მაჩვენებელი როგორც რეგიონში, ისე საერთო სიაში — 27 ქულა — უკრაინამ აჩვენა (ერთი ქულით მეტი, ვიდრე გასულ წელს), რითიც ირანთან, კამერუნთან, პარაგვაისთან და ნიკარაგუასთან ერთად 130-ე ადგილი გაიყო.
კორუფციის აღქმის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში დანიას (91 ქულა), ფინეთს (90 ქულა) და შვედეთს (89 ქულა) აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი — ჩრდილოეთ კორეასა და სომალის (8 ქულა).
ლიდერ ქვეყნებს ახასიათებთ მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, საზოგადოების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სახსრების შესახებ ინფორმაციაზე,თანამდებობის პირების კეთილსინდისიერება. ხოლო რეიტინგის ბოლოს მყოფ ქვეყნებს ახასიათებთ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, მედიისა და სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის დაბალი დონე.
TransparencyInternational-ის ინდექსი ექსპერტებისა და საქმიან წრეებში ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე დგება. შედეგად მსოფლიოს ქვეყნების ადგილები 0-დან 100 ქულამდე სკალით განისაზღვრება. ნული კორუფციის აღქმის უმაღლეს მაჩვენებელს აღნიშნავს, ხოლო 100 — უმცირესს.