თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თოვლმა ძლიერ ქართან ერთად საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა, არის ზვავსაშიშროება, რიგი სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საქართველოში უკვე მეორე დღეა, თოვს. ბათუმში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია. შავ ზღვაზე სამბალიან შტორმს ელოდებიან. აჭარის სხვა დასახლებებში მდგომარეობა უფრო რთულია — ქობულეთში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, გარე სამყაროს მოწყვეტილია სამი სოფელი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანია დარჩენილი, ხოლო ათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
„ბათუმსა და ქობულეთში ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია. ველოდებით თოვის შეწყვეტას, რომ უფრო ინტენსიურ მუშაობას შევუდგეთ“, — განაცხადა ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამსახურის თანამშრომელმა.
რაჭის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა. ჩამოწოლილმა მეწყერმა სამი სოფლისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ მთავრობა დიდთოვლობის შედეგებთან ბრძოლაში მათ არ ეხმარება. რეგიონის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ყველა გზა დროულად გაიწმინდა, თუმცა, შემდეგ ზოგან მეწყერი ჩამოწვა. „ყველა ბრიგადა შესაბამისი ტექნიკით დილიდან ადგილზეა მობილიზებული და გზა უახლოეს მომავალში გაიხსნება“, — განუცხადა ჟურნალისტებს გუბერნატორმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. კერძოდ, მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე.