თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, კახა ცხადაძის საქრათველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დატოვება მას შეუძლებლად მიაჩნია.
კახა ცხადაძე ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2014 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც თემურ ქეცბაია გადააყენეს.
„ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს ის პოზიცია და ის პოსტი, რომელიც აქვს, ჩემთვის დღეს ეს თემა ამოწურულია. უბრალოდ, მე დავიცავ ყველანაირ იურიდიულ ფორმას და მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, სადაც შევალ ინიციატივით, რომ კახა ცხადაძე აღარ იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი“, — განაცხადა კობიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე კობიაშვილმა ისაუბრა ცახადაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსურ შემადგენელზეც. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წელიწადში 1.5 მლნ ლარს იღებს (620 ათასი აშშ დოლარი).
ახალი ხელშეკრულებით, რომელიც ფედერაციამ შესთავაზა ცხადაძეს, მისი ხელფასი 50%-ით მცირდება. დანარჩენი კი ცხადაძემ პროგრამა–მინიმუმის შესრულებისთვის (მესამე ადგილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში) ბონუსების სახით უნდა გამოიმუშავოს.
კობიაშვილის თქმით, ცხადაძისთვის სწორედ ეს წინადადება აღმოჩნდა მიუღებელი.
„სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში“, — აღნიშნა კობიაშვილმა.