სპორტის მინისტრმა ცხადაძეს უპასუხა

გამოწერა
საქართველოს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ჯერ კიდევ ზაფხულში უთხრა უარი ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის 120 ათასი ლარის ოდენობის ხელფასის გადახდაზე.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მას კახა ცხადაძის ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებისა და მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის დანიშვნის ინტერესი არ აქვს. ეს განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხადაძემ შესაძლოა პოსტი დატოვოს. ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი საგრძნობლად მცირდება, ხოლო დასახული პროგრამა-მინიმუმის შესრულებისათვის ბონუსების სისტემა ინერგება.
თავად ცხადაძის თქმით, ხეჩიკაშვილს ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს და სწორედ მას ლობირებს.


კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
ცხადაძე: ვრჩები ნაკრებში, მაგრამ საბოლოო სიტყვა ფედერაციაზეა
„სამინისტროს პოზიცია მე გავაჟღერე როცა სიჭინავა იყო პრეზიდენტი… მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს, ჩემთვის მთავარია, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ასობით ათასი ვუხადოთ სხვადასხვა ტიპის მწვრთნელებს, მე მგონია რომ ამისთვის მზად არ ვართ და თუ ფედერაციას სწორად მიაჩნია და აქვს ამის რესურსი, მოიძიოს და გადაუხადოს“, — განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და განმარტა, რომ რომ მისმა უწყებამ ჯერ კიდევ ზაფხულში უთხრა უარი ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის 120 ათასი ლარის ოდენობის ხელფასის გადახდაზე, და რომ ყოველთვის ბონუსების სისტემის მომხრე გახლდათ.
ხეჩიკაშვილმა დაასკვნა, რომ ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციამ ურთიერთობა უნდა გაარკვიონ, ვინაიდან სამინისტროს ამ საკითხთან არაფერი ესაქმება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ფედერაციის ხელმძღვანელობა საზღვარგარეთ იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0