თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა იძულებითი აუცილებლობაა, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
საქართველოს პარლამენტს დეკემბრის ბოლოს შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტების პაკეტი წარედგინა, რაც რიგ ახალ წესებს ითვალისწინებს. მათ შორისაა ამა წლის 1 მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა.
„თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის ტენდენცია გაგრძელდება, 5-7 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების ნახევარი მარჯვენასაჭიანი იქნება და მთავრობას მოუწევს გადაწყვიტოს, როგორ მოარგოს ასეთი ავტომობილებით მოძრაობა ქუჩებს“, — განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი წესები, შესაძლოა, 1 მარტიდან გაურკვეველი ვადით გადაიდოს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება ტრანზიტზე, რეექსპორტსა და სპეცტექნიკაზე.
შსს-ს ინიციატივამ ქვეყნის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. თავად უწყება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას ქვეყნის ინფრასტრუქტურის შეუსაბამობით და ასევე იმით ხსნის, რომ ასეთი მანქანების მძღოლები საავარიო სიტუაციებს ხშირად ქმნიან.