თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება.
ახალი წესის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მინისტრ მღებრიშვილის განცხადებით, ეს არ შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმ მფლობელებს, რომლებსაც რეგისტრაცია ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აქვთ გავლილი.
„მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს, 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე.
მანამდე, ამა წლის ივლისში, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მაშინ მერის ინიციატივას ბევრი კრიტიკულად გამოეხმაურა.
„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ ავტომანქანების იმპორტის საერთო რაოდენობის 40% შეადგინა.