თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კიშინიოვში მიმდინარე მოვლენები ქვეყანას დემოკრატიის რელსებზე გადასვლაში დაეხმარება, თუ პროცესში დესტრუქციული ძალები არ ჩაერევიან, — მიაჩნია მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ექსპერტ პეტრე მამრაძეს.
ოთხშაბათს კიშინიოვში ოპოზიციის მასობრივი საპოტესტო აქციები დაიწყო, რომელზეც მთავრობის ახალი კაბინეტისა და მთავრობის ახალი მეთაურის, პაველ ფილიპის დამტკიცებას აპროტესტებენ.
„იმედი მაქვს, რომ ხალხისა და საზოგადოების ზეწოლით, კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის მოხდება ეს, მაგრამ როცა საზოგადოებას არ სურს, შეურიგდეს ხელისუფლების თავნებობას — ეს ძალიან დადებითი ფაქტორია. მან მოლდოვა განვითარების დემოკრატიულ გზაზე უნდა გაიყვანოს და ქვეყანა რეალურად თავისუფალ ეკონომიკას ჩამოაყალიბებს. თუ, რაღა თქმა უნდა, არ მოხდება გარე ძალების დესტრუქციული ჩარევა“, — განუცხადა მამრაძემ Sputnik–ს.
კიშინიოვში მაიდნის სცენარის გამეორება გამორიცხული არ არის, — მიაჩნია ექსპერტს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლდოვა ბევრად მცირერიცხოვანია, ვიდრე უკრაინა და მოცემულ შემთხვევაში ეს დადებითი ფაქტორია.
„მოლდოვა პატარა ქვეყანაა, სადც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ იქ განსხვავებული განწყობები ვერ გაბატონდება. ვფიქრობ, პერსპექტიულ შედეგზე გასვლა მოლდოვას შემთხვევაში უფრო იოლი იქნება, ვიდრე ეს უკრაინის შემთხვევაში იყო. რა თქმა უნდა, იმედი უნდა გვქონდეს,რომ დესტრუქციულ გარე ძალათა ჩარევა არ მოხდება. მოლდოველები თვითონ მიხედავენ თავს“, — აღნიშნა ექსპერტმა.
მამრაძის თქმით, მოლდოვის მოსახლეობა და საზოგადოება დემოკრატიისკენ, თავისუფალი ბაზრისკენ ისწრაფვის და ეს სულაც არ არის იოლი გზა.
„ახალი პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით რეალურად არ არსებობს, ძველი კი კორუფციისკენაა მიდრეკილი და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, თუ საბაზრო ეკონომიკის უნარჩვევები არ გაგაჩნია. საზოგადოება, რომელსაც არ ძალუძს მუდმივად აკონტროლოს ხელისუფლება, მაშინ იწყებს რეაგირებას, როცა მოთმინების ფიალა ევსება“, — განმარტა პეტრე მამრაძემ.