თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „გაზპრომი“ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამ დროისათვის საქართველო სომხეთში რუსული გაზის იმპორტის 12 %-ს იღებს მისი ტრანზიტის სანაცვლოდ. რუსულ გაზს ქვეყანა აღარ ყიდულობს 2007 წლიდან.
„გაზპრომი აშანტაჟებს კალაძესა და ივანიშვილს, ეს ორნი კი თავის მხრივ ქართულ საზოგადოებას. როცა საუბრობენ იმაზე, რომ თუ არ დავთანხმდებით „გაზპრომის“ პირობებს და არ წავალთ ფულად ანაზღაურებაზე (ტრანზიტზე), მაშინ გაზსადენი ცარიელი დარჩება და ჩვენ საერთოდ ვერაფერს ვერ მივიღებთ, ეს ტყუილი და ქართველი ხალხის დაშანტაჟებაა“, — უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა. ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ატვირთული.
საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს 2003 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ამის შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტზე კიდევ 21 დამატება იქნა მიღებული. შეთანხმებას ვადა 2015 წელს გაუვიდა. ახალი შეთანხმება კი ჯერაც არ არის მიღწეული.
კალაძის თქმით, ბოლო ორი წელია „გაზპრომი“ კატეგორიულად მოითხოვს, რომ საქართველომ სომხეთში ტრანზიტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნედლეულის ნაცვლად თანხა მიიღოს.
ამ დროისათვის 2016 წლის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის შემუშავების პროცესშია. დღეს ვენაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას მართავს.
ექსპერტები და ოპოზიცია აკრიტიკებენ მინისტრს, რადგან თვლიან, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას დააკარგვინებს. საქართველოს დედაქალაქში სისტემატიურად ტარდება საპროტესტო აქციები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით.