თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. „საქართველოს მწვანეთა პარტიისა“ და პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მმართველი კოალიციის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხის განხილვა გამორიცხული არ არის, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან ელისო ჩაფიძემ.
2016 წლის შემოდგომაზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში პირველი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება. პარტიები 150სადეპუტატო სავარძლისთვის იბრძოლებენ.
„გია ჟორჟოლიანი ჩვენი ფრაქციის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახლავთ. თუ მას სურვილი ექნება, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს პოლიტიკურ პარტნიორობაში „სოციალისტური პარტიის“ მხრიდან, ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მასთან. ასევე ბატონი გია გაჩეჩილაძე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. მასთან ძალიან ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს კოალიციას ზოგადად. ის მხარს უჭერს უმრავლესობის მერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარლამენტში და ბუნებრივია, ამ თემების განხილვა, მასზე მსჯელობა შესაძლებელია“, — განაცხადა ჩაფიძემ პორტალ „კვირის“ პრესკლუბში გამოსვლისას.
თუ ახალი წევრები, პოლიტიკური სუბიექტები დაგვემატება, ეს მხოლოდ გააძლიერებს კოალიციას, აღნიშნა მან.
„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. მაგრამ ეს უნდა იყოს ღირებულებებსა და იდეურ თანხმობაზე აგებული ერთობა“, — აღნიშნა ჩაფიძემ.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.