თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. „ქართულ ოცნებაში“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ საკუთარ რიგებში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, — განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
2014 წლის შემოდგომაზე „თავისუფალი დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია მას შემდეგ დატოვეს, რაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა.
„კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს "თავისუფალი დემოკრატების" შემატებაზე… მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ, მთავარია, მათ გამოხატონ სურვილი“, — განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.
მანამდე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად უარყო საკუთარი პარტიის რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
დღეისათვის მმართველ კოალიციაში შედიან: “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.