ქართველი პროკურორის მკვლელობის ქრონიკა

© public domainმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობა — ეს დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც პროკურატურის მაღალჩინოსანს ამგვარად გაუსწორდნენ.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლული იპოვეს თბილისში. ახალი ამბავი მომენტალურად მოედო მთელ ქვეყანას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს პროკურატურის თანამშრომელთან ანგარიშსწორების მეორე შემთხვევაა. შორეულ 90-იან წლებში მოკლეს თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე. მკვლელობა შეკვეთილი აღმოჩნდა. თუმცა ამაზე სხვა დროს.

უგზო-უკვლოდ გაუჩინარება

საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია შინიდან 13 იანვარს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის არც სამსახურში გამოჩენილა და არც ოჯახის წევრებს დაკავშირებია. პროკურორის მობილური ტელეფონი გამორთული იყო.

პროკურორის გაუჩინარებიდან ორი დღის შემდეგ საქრათველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის“ მუმხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. უფროსი პროკურორსა და  მის მანქანას მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ. საბოლოოდ, ქალაქ რუსთავში მის მობილურ ტელეფონს მიაგნეს.

ცხედარი იპოვეს

ქირიას ტელეფონის პოვნიდან ორიოდე საათში ცნობილი გახდა, რომ თბილისის ცენტრში, ნაქირავებ ბინაში ცხედარი აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე ქვეყნის მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდნენ.  აშკარა იყო, რომ სამართალდამცავებს რიგით მოკლულთან არ ჰქონდათ საქმე. ჟურნალისტების ვარაუდი გამართლდა. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ადგილზე, დაადასტურა, რომ მოკლული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია გახლდათ.

გვამის წინასწარი დათვალიერებისას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, ხოლო სხეულზე ნაკვეთი ჭრილობები აღმოაჩინეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
დეპუტატი ხელისუფლებას პროკურორის მკვლელობის საქმის „მიჩქმალვაში“ ადანაშაულებს

ვინ არის მკვლელი?

ქირიას გვამის პოვნის შემდეგ პოლიცია სავარაუდო მკვლელის ძებნას შეუდგა. შსს-მ დაადგინა, რომ ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს, მისივე ნათესავს, რადიოსადგურ „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო. ინფორმაცია კუჭავას შესახებ თბილისის პოლიციის ყველა თანამშრომელს დაეგზავნა. მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მახლობლად გააჩერა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ბიძინა კუჭავა და ორი უცნობი პირი ისხდნენ. შსს-ის ცნობით, კუჭავამ პოლიციელების დანახვისთანავე, მანქანიდან გადმოუსვლელად, ამოიღო პისტოლეტი და თავი მოიკლა.

საქმის დეტალები

ბინის დეტალური დათვალიერებისას, რომელშიც პროკურორის ცხედარი იპოვეს, პოლიციამ ელექტროხერხი, ეგრეთ წოდებული „ბალგარკა“, სიმძიმის ასაწევი მოწყობილობა (აბაზანაში) და გორგოლაჭებიანი ჩანთები აღმოაჩინეს. სამართალდამცავები მივიდნენ დასკვნამდე, რომ  ბიძინა კუჭავა კვალის დასაფარად ემზადებოდა და ამისათვის გვამის დანაწევრებას აპირებდა. ამას გარდა,  კუჭავას ტანსაცმელში იპოვეს ქირიას გასისხლიანებული ტექპასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური ტელეფონი.

უნდობლობა

კუჭავას ოჯახის წევრები არ ენდობიან გამოძიების ვერსიას და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. „ძალიან ბევრი კითხვა იბადება. კითხვები გაგვაჩნია მე და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ“, — განუცხადა ჟურნალისტებს კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილმა.

გაიჟღერა პირველმა პოლიტიკურმა შეფასებებმაც. „ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც ხდება დანაშაულები ასე ღიად და საჯაროდ, დღისით და მზისით, მაშინ, როდესაც სამი დღის განმავლობაში პროკურორი იყო გაუჩინარებული და ამის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებდა სამართალდამცავი უწყება, ცდილობდნენ როგორმე მიეჩქმალათ, დაემალათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად სისტემა არის ჩამოშლილი“, — განაცხადა აკაკი მინაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პარტიის "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ფოთში ამ რეგიონის კიდევ ერთი პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ესროლეს. საქმე ჯერ გახსნილი არ არის.

რაც შეეხება ვახტანგ ქირიას მკვლელობას, მიზეზები ჯერაც არ არის ცნობილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0