თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ფაქტის მიმალვას ცდილობდნენ, მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია 16 იანვარს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. მოგვიანებით, ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, „საქართველოს ხმის“ დირექტორმა ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. მიმდინარეობს გამოძიება.
„1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა… ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც ხდება დანაშაულები ასე ღიად და საჯაროდ, დღისით და მზისით, მაშინ, როდესაც სამი დღის განმავლობაში პროკურორი იყო გაუჩინარებული, და ამის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებდა სამართალდამცავი უწყება, ცდილობდნენ როგორმე მიეჩქმალათ, დაემალათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად სისტემა არის ჩამოშლილი“, — განაცხადა აკაკი მინაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პარტიის "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაიწყო მოლაპრაკება კრიმინალურ ჯგუფებთან, რათა მათი მეშვეობით მოიპოვოს ხმები 2016 წლის არჩევნებში“, — განაცხადა მან.
სანამ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ამბავი გავრცელდებოდა, ცნობილი გახდა, რომ 15 იანვარს ფოთის პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის ავტომობილი დაცხრილეს. საბედნიეროდ, გოგუაძეს სხეულის დაზიანება არ მიუღია. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ ეტაპზე პროკურატურა საქმის მასალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.