თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის თამაზ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, — ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე —7 კვარტალში, 24 —ე კორპუსში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 5 დღის წინ დაკარგულ ვახტანგ ქირიას ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელის დაქირავებული იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ.
პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორს ოთხი დღის წინ უცნობმა პირებმა დაურეკეს, რომლის შემდეგ ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა.
პროკურორის სავარაუდო მკვლელის მიერ თვითმკვლელობისა და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ საუბრობენ. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.